ვიზუალური მეხსიერება

ალბათ ყოველ თქვენთაგანს სმენია ტერმინი „ფოტოგრაფიული მეხსიერება“, რომელიც გამოხატავს უნარს, დეტალურად აღიდგინო და გაიხსენო წარსულში ნანახი ვიზუალური ინფორმაცია. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მეცნიერულად ფოტოგრაფიული მეხსიერება არ არსებობს და ის რასაც ჩვენ ამ ტერმინს ვუწოდებთ, რეალურად „ეიდეტური მეხსიერება“  – (Eidetic Memory)  ეწოდება.

ეს არის უნარი, რომ გაიხსენოთ და აღიდგინოთ ერთხელ და მცირე დროით ნანახი ვიზუალური სტიმულები, მაგალითად უცხო კომპანიის ბროშურაზე განთავსებული ლოგო, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვიზუალური სტიმულების მეტნაკლებად დეტალურად აღდგენა შეგვიძლია ნანახიდან მხოლოდ რამოდენიმე წამის განმავლობაში, ხოლო ამის შემდეგ ადამიანთა უმეტესობას აღარ აქვს უნარი, რომ დეტალურად წარმოიდგინოს და აღიდგინოს ის ვიზუალური „ხატი“ საკუთარ გონებაში. მაგრამ როგორც წესი ადამიანებს ნანახი ბევრად უკეთ ამახსოვრედბათ, ვიდრე მოსმენილი.

ადამიანის მეხსიერება და მისი მუშაობის პრინციპი თავის ტვინის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ კოგნიტური და მულტიფუნქციური პროცესია, რომელიც სხვა ტვინის ფუნქციებთან შედარებით ნაკლებად არის შესწავლილი, რადგან მეხსიერებას არ აქვს თავის ტვინში ერთი კონკრეტული ლოკაცია, მეხსიერება არ არის მხოლოდ ერთი მცირე რეფლექსური რკალი და იგი დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, როგორიც არის გამეორების სიხშირე, სტიმულის ხანგრძლივობა, სტიმულის მოდალობა, დამახსოვრების მოტივაცია, ემოცია, ფსიქიკური, ფიზიოლოგიური მდგომარეობა და ა.შ.

აქედან გამომდინარე ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიცით თუ რა რა პრინციპებით მუშაობს ეიდიტური მეხსიერება, რა მექანიზმები მოქმედებს ამ შემთხვევაში და რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთი ადამიანი ბევრად უკეთ ახერხებს ვიზუალური სტიმულების დამახსოვრებას და აღდგენას, ვიდრე სხვები.

ამის საილუსტრაციოდ, წარმოგიდგენთ კიმ პიკს, რომელიც მსოფლიოს ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე გამორჩეული მეხსიერების მქოდე ადამიანი.  მის შესახებ არის გადაღებული მხატვრული ფილმი – Rain Man. 

 

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კიმს დაბადებიდან  ჰქონდა ძალიან იშვიათი დაავადება სახელად – სავანტის სინდრომი, რომელიც მენტალური დარღვევებისა და შეზღუდვების ფონზე განვითარებულ უნიკალურ უნარებს გულისხმობს. კიმი როდესაც დაიბადა, ექიმებმა ივარაუდეს, რომ იგი ვერ გადარჩებოდა, ან თუ გადარჩებოდა ვერასდროს გაივლიდა და ისწავლიდა, რადგან მისი თავის ტვინი პათოლოგიურად იყო განვითარებული. დაზიანებული ჰქონდა ნათხემი და საერთოდ არ ჰქონდა ტვინის ჰემისფეროების დამაკავშირებელი კორძიანი სხეული (corpus callosum). მაგრამ კიმის გონება მისდა უნებურად სხვა მიმართულებით განვითარდა, წიგნის ერთი გვერდის წაკითხვას საშუალოდ 10 წამს ანდომებდა, რადგან წიგნის მარცხენა გვერდს მარცხენა თვალით კითხულობდა და ამის პარალელურად მარჯვენა თვალით მერჯვენა გვერდს, მან 7 წლის ასაკში ბიბლიის წიგნის თითოეული სიტყვა ზეპირად იცოდა და წაკითხული ინფორმაციის დაახლოებით 98%-ს ზუსტად იმახსოვრებდა. მას შეეძლო ნებისმიერი თარიღის მიხედვით იმის გახსენება, თუ რომელი კვირის დღე იყო. ფაქტია, რომ მისი ტვინი განსხვავებულად მუშაობდა და მიუხედავად იმისა, რომ მას დაბადებიდან ჰქონდა აუტისტური სპეცქტრის ნიშნები და სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა მოტორული ფუნქციბი დარღვეული მან 58 წელი იცოცხლა და ისტორიაში შევიდა, ადამიანი განსაკუთრებული მეხსიერებით. ყველაზე განსაკუთრებული კი ის გახლავთ, რომ მან თავადაც კი არ იცოდა როგორ არხერხებდა ამ ყველაფერს.

რეალურად ჩვენი გონება ჩვენთვის იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, პირველ რიგში იგი მაქსიმალურად ფილტრავს არასაჭირო ინფორმაციას ჩვენი მეხსიერებიდან და გაუცნობიერებლად ვივიწყებთ ისეთ ინფორმაციას, რომლის დამახსოვრების მოტივაციაც არ გაგვაჩნია, რადგან ჩვენს ხანმოკლე და ხანგრძლივ მეხსიერებაში არსებული ადგილი ნამდვილად არ არის უსასრულო. (კიმ პიკის გამონაკლისების გარდა)

ამასთან ერთად მას შემდეგ, რაც თქვენი თვალის ბადურაზე დაეცემა სხივი და თქვენი თვალები აღიქვამს გამოსახულებას, ეს სტიმული პირდაპირ მიდის თავის ტვინის კეფის წილში, სადაც წამის მეასედებში ხდება აღქმული ინფორმაციის დეტალური დამუშავება, მაგალითად თქვენ აიხედეთ ცაში და დაინახეთ ჭექა-ქუხილი, ამ დროს თქვენი ტვინი ძალიან დეტალურად ამუშავებს ინფორმაციას, ისე, რომ თქვენ ამას ვერ აცნობიერებთ, კერძოდ ის აანალიზებს, თუ რა ნაწილებისგან შედგება აღქმული ობიექტი, რა ფერია, როგორი ზომისაა, რა არის მის უკანა ფონზე, ამდროს აქტიურდება ასოციაციები, თქვენი გონება ადარებს არსებულ სტიმულს წარსულში ნანახ მსგავს სტიმულებს, ამის შემდგომ აქტიურდება ობიექტის სემანტიკური მნიშვნელობა თქვენს გონებაში და საბოლოოდ თქვენ აცნობიერებთ აღქმული სტიმულის შინაარსსა და მნიშვნელობას, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, იმ წამს როდესაც თქვენ დაინახეთ ჭექა-ქუხილი, თქვენმა „გონებამ“ დაახლოებით 300 მილიწამით ადრე იცოდა, თუ რას დაინახავდით. მაგრამ თქვენ რომ არ გქონოდათ თქვენს მეხსიერებაში წარსულში ნანახი ჭექა-ქუხილის ვიზუალური ხატი, ნამდვილად ვერ გაიაზრებდით იმას, თუ რა დაინახეთ.

ახლა კი მცირე ექსპერიმენტი ჩავატაროთ.

(10-15) წამის განმავლობაში კარგად დააკვირდეთ არსებულ ფოტოს და შეეცადეთ, რომ დაიმახსოვროთ, შემდეგ კი განაგრძეთ კითხვა.

 

 

 

წარსულში სჯეროდათ, რომ ადამიანის გონებას აქვს უნარი, რომ „თვალებით ფოტო გადაუღოს“ მის მიერ დანახულ ობიექტს და საჭიროების შემთხვევაში დეტალურად აღიდგინოს არსებული ობიექტი საკუთარ გონებაში ფოტოს სახით, მაგრამ რეალობა სხვაგვარია, თქვენს მიერ აღქმული ნებისმიერი სტიმული გარკვეულწილად ინახება თქვენს გონებაში, თუმცა როგორც წესი ჩვენ მხოლოდ მათი მნიშვნელობა და ზოგადი სურათი გვამახსოვრდება და არ შეგვიძლია მათი დეტალურად აღდგენა.

 

ამის საილუსტრაციოდ  შეეცადეთ, რომ ზემოთ მითითებული ფოტოს ხელახლა ნახვის გარეშე დაასახელოთ რომელი წარწერა რომელ ფერს შეესაბამებოდა….. დიახ გეთანხმებით ასეთ მოკლე დროში ასეთი ვიზუალური სტიმულის გონებაში ბოლომდე აღდგენა ნამდვილად რთულია

სწორედ ეს არის იმის დასტური, რომ ადამიანების უმეტესობას არ აქვს უნარი, რომ ერთხელ და მცირე დროით ნანახი ობიექტის ზუსტი ხატი შეინახოს გონებაში და ზუსტად ისეთივე სახით აღიდგინოს, როგორიც რეალურად არის. როგორც წესი ჩვენ გვგონია რომ კონკრეტული ობიექტის გამოსახულება ძალიან კარგად გვახსოვს, მაგრამ ხშირად ჩვენს მიერ წარსულში აღქმულ ობიექტებს ჩვენი ფანტაზიითვე ვამატებთ სხვადასხვა დეტალებს, მაგალითად ცნობილი ფრაზაა – „გუშინდელი დღესავით მახსოვს“, ამ ფრაზას ვიყენებთ მაშინ, როდესაც ჩვენს გონებაში ძალიან ღრმად და სამუდამოდ ჩაბეჭდილ ერთ კონკრეტულ მოგონებას ვიხსენებთ და ვფიქრობთ, რომ ის მოგონება ძალიან მკაფიოდ და ზუსტად გვახსოვს, მაგრამ რეალურად იმ კადრებს, რომლებსაც ვიხსენებთ, წარმოვიდგენთ და თვალწინ გვიდგება, ყოველთვის „ვაფერადებთ“ ჩვენი ფანტაზიით და  ამ პროცესში ჩვენი არაცნობიერი იღებს მონაწილეობას.

როგორ გავიუმჯობესოთ ვიზუალური მეხსიერება?

ალბათ თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ ადამიანის ნებისმიერი ქმედება თავის ტვინში მიმდინარე ნეირონების ურთიერთკავშირის დამსახურებაა, შესაბამისად ჩვენი მეხსიერებაც არაფერია, გარდა ჩვენს თავის ტვინში არსებული ნეირონული კავშირებისა. უკეთ საილუსტრაციოდ წარმოიდგინეთ ობობის ქსელი, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული ძაფებისგან შედგება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი პრინციპით მოქმედებს ჩვენი თავის ტვინიც, ნებისმიერი ახალი ინფორმაცია, რომელიც შედის ჩვენს გონებაში დამატებით ახალი ძაფია ობობის ქსელში, მაგრამ იმისათვის, რომ იგი მყარი იყოს და არ გაწყდეს საჭიროა არსებული ინფორმაციის გამეორება, ანუ რაც უფრო ხშირად განმეორდება ეს ინფორმაცია გონებაში მით უფრო გამყარდება ეს „ძაფიც“. ამასთან ერთად არსებობს უამრავი სავარჯიშო ტესტი, რომელიც ავარჯიშებს გონებას და აუმჯობესებს მეხსიერების დონეს.

მაგრამ ხანდახან გასახსენებლად მხოლოდ მყარი ძაფი არ კმარა და საჭიროა, რომ იგი უკავშირდებოდეს სხვა ძაფებსაც, ამის მისაღწევად კი მყარი ასოციაციების შექმნაა საჭირო, დიახ ასოციაციები არის სწორედ ის საკვანძო კომპონენტი, რომელიც ახლად შემოსული ინფორმაციის მყარ და გარანტირებულ ადგილს უზრუნველყოფს მეხსიერებაში. თუ ჩვენ მოვახერხებთ ახალი ინფორმაციის უკვე არსებულ ინფორმაციასთან კავშირის და ასოციაციის შექმნას, მაშინ ობობის ქსელში კიდევ დამატებითი ძაფები გაჩნდება, რომელიც დააკავშირებს ახალს ძველთან და გაამყარებს ნეირონულ კავშირებს, რაც პირდაპირი გარანტია იმისა, რომ ეს ახალი ინფორმაცია დიდხანს დარჩება ჩვენს გონებაში. ამის შემდგომ ყოველ ჯერზე როდესაც იმ ახალი იფნორმაციის გახსენება დაგჭირდებათ თქენ შეიძლება პირდაპირ ვერ გაიხსენოთ იგი მაგრამ გაგახსენდეთ მისი ასოციაცია, რომლის გახსენებაც კი ავტომატურად გამოიწვევს სასურველის გახსენებასაც.

 

მაგალითად ჩვენ ვხედავთ, რომ ფოტოზე მოცემულია 8 განსხვავებული ფიგურა. რეალურად დროის მცირე მონაკვეთში ყოველი მათგანის დამახსოვრება და შემდგომ აღდგენა არც ისე მარტივია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ჩვენს ფანტაზიას მოვუხმობთ და მოვძებნით კავშირებს არსებულ ფიგურებს შორის, მაშინ მათი დამახსოვრება უკვე ბევრად მარტივი გახდება და უფრო დიდხანს დარჩება თქვენს გონებაში.

წარმოვდგინოთ თვითმფრინავი, სადაც მგზავრების სამგზავრო ჩემოდნებია მოთავსებული, წარმოვიდგინოთ ელვა, რომლის შემდგომაც დაწიყო წვიმა და გარეთ გასასვლელად ქოლგა დაგვჭირდება, წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ამ სახლის გასაღები და ბოლოს წარმოვიდგინოთ, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ ჩვენ მივიღეთ საჩუქარი.

ამ გზით კი მათი გახსენება უკვე ბევრად მარტივი იქნება. გახსოვდეთ, რომ არ არის აუცილებელი არსებული ასოციაციები და კავშირები იყოს ერთმანეთთან პირდაპირ და ლოგიკურად. თქვენ შეგიძლიათ ახლად მიღებული ინფორმაციის მეშვეობით შექმნათ ძალიან აბსტრაქტული ასოციაციაც კი, ეს შეიძლება იყოს თქვენი ბავშვობის მოგონება, შეიძლება იყოს თქვენი მეგობრის ან წიგნის სახელი, ამ ყოველივეს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან მთავარია, რომ არსებული ასოციაცია თქვენთვის იყოს გასაგები და მარტივად გასახსენებელი.