სოციალური ქსელების გავლენა ჩვენს ქცევაზე


 დაფიქრდით, როგორ შეიცველობა თქვენი ცხოვრება სოციალური ქსელები რომ გამქრალიყო? ალბათ, უფრო მეტ დროს დაუთმობით თქვენს ჰობის, უფრო ხშირად გაუზიარებდით სიახლეებს ოჯახის წევრებს, მოწყენილობის ჟამს კი მეგობარს გაუვლიდით და სუფთა ჰაერზე ერთად გაასეირნებდით მის ძაღლს. თავიდან გაგიჭირდებოდათ სხვადასხვა აპლიკაციის გარეშე ახალი ამბების გაგება, ახლობლებთან შეხვედრების დაგეგმვა, ან თავისუფალი დროის სახალისოდ გატარება თქვენთვის საინტერესო ვიდეოების ყურებისა და მეგობრის ყოფილი შეყვარებულის პირადი გვერდის დათვალიერების გარეშე.

  სოციალური ქსელები ჩვენი თაობის განუყოფელი ნაწილია. აპლიკაციები დიდ გავლენას ახდნენ ჩვენს ყოველდღიურობაზე. აღსანიშნავია,  რომ   უახლოესმა ემპირიულმა კვლევამ გამოავლინა სოციალურ ქსელებში განხორციელებული აქტივობების მოტივაციის სამი ძირითადი კატეგორია.  (Heinonen, 2011):

  1. ინფორმაციის დამუშავება- ინფორმაციის გადაცემა და მოპოვება.(მაგალითად: ახალი ტელეფონის ყიდვამდე, ვნახულობთ სხვადასხვა ვიდეოებს Youtube-ზე სადაც აღწერილია ჩვენთვის სასურველი პროდუქტის მონაცემები).
  2. გართობა- ემოციების ექსპრესია, „რეალური სამყაროდან თავის დაღწევა“, დასვენება, შთაგონება. (მაგალითად: „Pinterest”-ზე სხვადასვა ლამაზი ინტერიერის დიზაინის თვალიერება დროის გაყვანის მიზნით).
  3. სოციალური კავშირები-თანამშრომლობა, მიკუთვნებულობა, მიჯაწვულობა, სხისი ცხოვრების გარკვეული დეტალების ცოდნა.( მაგალითად: Facebook-ის საშუალებით ყოფილ კლასელებთან ურთიერთობის შენარჩუნება მათ პოსტებზე კომნტარების დატოვების გზით).

  მოცემული სამი კატეგორია, ფაქტობრივად მოიცავს ქცევების იმ დიაპაზონს, რომლისკენაც გვიბიძგებენ სოციალური ქსელები. თუმცა, ეს კატეგორიზაცია მხოლოდ ზედაპირულად აღწერს იმ, შესაძლებლობებს, რომლებსაც გვაძლევენ თანამედროვე აპლიკაციები. ბევრად უფრო საინტერესოა ის, თუ როგორ ხდება ჩვენი ქცევებით მანიპულაცია, რით შეიძლება აიხსნას ჩვენი მიჯაჭვულობა სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობებთან? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ნეირობიოლოგიას უნდა მივმართოთ:

  ნეიროტრანსმისტერი დოფამინი სინთეზირდება ტვინში, მისი გამოყოფა განაპირობებს ისეთ შეგრძნებებს როგორებიცაა: ბედნიერება, ეიფორია, მოტივაცია. საინტერესოა, რომ სწორედ დოფამინის გამოყოფა განაპირობებს ჩვენს მიჯაჭვულობას სოციალური ქსელებისადმი. გასული საუკუნის ბოლოს, ვოლფრამ შულცმა ჩაატარა ექსპერიმენტი სადაც მაიმუნებს გემრიელ წვენს აწვდიდა. ექსპერიმენტატორები ცხოველებს წარუდგენდნენ სიგნალს შუქის სახით, რომელიც პროგნოზირებდა ჯილდოს, ანუ წვენის მიწოდებას. აღმოჩნდა, რომ დოფამინი გამოიყოფოდა მაშინ, როდესაც შუქი მხოლოდ 50%-იანი ალბათობით პროგნოზირებდა ჯილდოს, ანუ, მაშინ როდესაც ცხოველი არ იყო დარწმუნებილი მიართმევდნენ თუ არა მას გემრიელ წვენს (Schultz,1998). ჩნდება კითხვა, როგორ შეგვიძლია დავუკავშიროთ შულცის ეს ექსპერიმენტი ჩვენს მიჯაჭვულობას სოციალური ქსელებისადმი? საქმე ისაა, რომ სოციალური ქსელების შემოწმებისას ჩვენ არასდროს ვიცით ზუსტად თუ როდის დაიდება ახალი პოსტი, როდის ან ვინ მოიწონებენს ჩვენს ფოტოს, ან როდის მოგვივა მნიშვნელოვანი შეტყბინება. შულცის მაიმუნების მსგავსად, არც ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ ჯილდოს (მაგალითად, ჩვენთვის საინტერესო პოსტს) აუცილებლად მივიღებთ, რაც განაპირობებს დოფამინის აქტიურ გამოყოფას. დოფამინი დადებითი განმამტკიცებლის, ჯილდოს როლს თამაშობს სოციალური ქსელების მოხმარებისას. როგორც უკვე აღვნიშნეთ ის იწვევს ბედნიერებისა და მოტივაციის შეგრძნებას, რაც აუცილებელია ჩვენი ყოველდღიურობისთვის.

 სოციალური ქსელების შემქმნელი ჯგუფის მიზანს წარმოადგენს ჩვენი ქცევის მოდიფიცირება ისე, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გამოვყოთი მათი აპლიკაციის მოხმარებისთვის. ყოველი მცირე დეტალი, რომელებსაც ზოგჯერ ყურადღებასაც კი არ ვაქცევთ, შექმნილია იმისთვის, რომ ჩვენი აქტიურობის დონე სოციალური ქსელის ფარგლებში გაზარდოს. ჯეფ ორლოვსკის ფილმში- „სოციალური დილემა“, აპლიკაცია  „Twitter“-ის ყოფილი აღმასრულებელი სერიული ტექნიკური მეწარმე, ჯეფ საიბერტი გვისვამს კითხვას: რატომ არ ჩანს შეტყობინებებში ის ფოტო, რომელზეც მოგვნიშნეს? ასე ხომ უფრო მარტივი იქნებოდა. პასუხი ცხადია, ეს მცირე დეტალი, ერთგვარი “დისკომფორტი“ იწვევს ჩვენი აქრტივობის მომატებას სოციალურ ქსელებში. როგორ? შეტყობინება-„ თქვენ მოგნიშნეს ფოტოზე“, მოსვლის თანავე, ვნახულობთ კონკრეტულ პოსტს, მოწონებების და კომენტარების რაოდენობას, იმას, თუ ვინ მოიწონა ფოტო. რამდენიმე წუთში შესაძლებელია ჩვენთვის სრულიად უცნობი ადამიანის პირად გვერდზეც ამოვყოთ თავი, არადა ჩვენი თავიდაპირველი  მიზანი უბრალოდ იმ ფოტოს ნახვა წარმოადგენდა, რომელზეც მოგვნიშნეს. საბოლოოდ სოციალურ ქსელში ძალიან დიდ როლს ვატერბთ, ვაწყდებით ათასობით რეკლამას, პოსტს, მოგვდის უამრავი შეტყობინება, რომელთაგან თითოეული ცდილობს ჩვენი ყურადღების მიღწევას და შედეგად ჩვენი დროის თავის სასიკეთოდ გამოყენებასაც. სხვა დროს არ გაგიკვირდეთ ღამის 3 საათზე თქვენთვის უცნობი უცხოელის Youtube არხზე თუ ამოჰოფთ თავს, სადაც დიდი აუხის შენებას გასწავლან. საქმე ისაა, რომ თქვენ სოციალური ქსელების შემქმნელთა დიდ მახეში გაებით და ამით ძალიანაც გაახარეთ.

როგორც ჩანს, ჩვენი ქცევით მანიპულირება ძალიან მარტივია. სოციალური ქსელები გვიბიძგებენ განსხვავებული, სპეციფიკური, ზოგჯერ კი გლობალური ქცევებისკენაც კი. ეს ქცევები შეიძლება იყოს; მოწონება, გაზიარება, დაგეგმვა, პროვოცირება, გაყიდვა, ყიდვა.  მაგალითად, კვლევების თანახმად, საბავშვო პროდუქტების მომხმარებელთა 56%-ის არჩევანზე გავლენას ახდენს ის რეკლამა, რომელიც სწორედ სოციალურ ქსელებში თავსდება (Roesler, 2015). 

როგორ დავაღწიოთ თავი ამ უზარმაზარ ინტერნეტ მახეს? სოციალური ქსელების წაშლა ძალიან რთული ნაბიჯია 21-ე საუკუნის ადამიანისთვის. რემიკა სირიკულტადა პროექტ “TED X Talk“-ის ფარგლებში გვთავაზობს იმ გზებს, რომელთა საშუალებითაც ჩვენს მიერ სოციალური ქსელების მოხმარება უფრო რაციონალური და ჯანსაღი გახდება.

  1. რეგულარული დეტოქსიკაცია- შეეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს. გამოურთეთ ხმა შეტყობინებებს, გადადეთ ტელეფონი. დასივენეთ სოციალური ქსელებისგან.
  2. გამოყავით მიზანი- სოციალური ქსელების მოხმარებისას მნიშვნელოვანია მიზანის იდენტიფიცირება. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა-რა მიზანით ვიყენებ ამ კონკრეტულ მომენტში მოცემულ სოციალურ ქსელს. ეს ხელს შეგიწყობთ სოციალური ქსელების მიზანმიმართულა მოხმარებასა და თქვენთვის არარელევანტური ინფორმაციის იგნორირებაში.
  3. გაითვალისწინეთ საკუთარი თავი- სოციალური ქსელების მოხმარებისას დააკვირდით თქვენს ქცევას, განცებს და ემოციებს. გამოყავით ის ასპექტები, რომლებიც არ მოგწონთ ან გთრგუნავთ. თუ აღმოაჩენთ, რომ რომელიღაც სოციალური ქსელი ცუდად მოქმედებს თქვენს კონცენტრაციაზე, ან გირღვევთ ძილის განრიგს ( მაგალითად, ხშირად გახასიათებთ ძილის წინ “Tik-Tok”-ის მოხმარება, რაც საბოლოოდ იმით მთავრდება,რომ გვიან იძინებთ) წაშალეთ მოცემული სოციალური ქსელი, ან დაუწესეთ დროის ლიმიტი.

 მოცემული რჩევების გათვალისწინებით, თქვენ გამოიმუშავებთ იმ უნარებს, რომლებიც ხელს შეგიწყობთ სოციალური ქსელების რაციონალურად მოხმარებაში. უკეთესია ჩვენ  ვაკონტროლოთ სოციალური ქსელები, და არა სოციალურმა ქსელებმა გვაკონტროლონ ჩვენ.

გამოყენებული ლიტერატურა:

Heinonen, K. (2011). Consumer activity in social media: Managerial approaches to consumers’ social media behavior. Journal of Consumer Behaviour10(6), 356-364.

Schultz, W. (1998). Predictive reward signal of dopamine neurons. Journal of neurophysiology, 80(1), 1-27.

Roesler, P. (2015). How social media influences consumer buying decisions. The Business Journals5, 26.

რემიკა სირიკულტადა,  “ TED X Talk“-  https://www.youtube.com/watch?v=DGL4Hd6Stlc


სტატიაზე იმუშავა – თამარ ქავთარაძემ