სოციალური დისტანცირების გავლენები

   ახალმა კოვიდ-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვნად გაგვირთულა ყოველდღიური ცხოვრება. ცხოვრების სტილის რადიკალურმა და მოულოდნელმა ცვლილებებმა, ჩვენი ვარაუდით, დიდი გავლენა იქონია საზოგადოების განწყობებსა და ქცევებზე. სავარაუდოა, რომ ეტაპობრივად, მოცემული ცვლილები კიდევ უფრო სხვა სახეს მიიღებს და ქცევათა სხვადასხვა ფორმულებს დავინახავთ. ამ ვარაუდების შესამოწმებლად ჩავატარეთ ონლაინ გამოკითხვა, რომელმაც რამდენიმე ისეთი ცვლადი გვიჩვენა, რომ საჭირო გახდა საკითხის სიღრმისეული შესწავლა. ამისთვის მოვამზადეთ პოსტ-პანდემიურ (პანდემიის შემდგომ) გავლენათა კვლევის რამდენიმე მიმართულება.

   პირველი და შედარებით უფრო ზოგადი კვლევის მიზანი იყო, შეგვესწავლა პანდემიის დროს, საზოგადოებაზე სოციალური დისტანცირების გავლენები. მრავალცვლადიანმა კვლევამ ახალ რეჟიმთან შეგუების სხვადასხვა ფორმები დაგვანახა და საშუალება მოგვცა, სხვა ცვლადებთან შეგვედარებინა ისინი. სხვადასხვა ცვლადების გამოყენებით, გამოკითხულები სხვადასხვა კატეგორიებად დავყავით. შევისწავლეთ, როგორი გავლენა იქონია საკარანტინო რუტინის ცვლილებამ ქცევასა და განწყობაზე.

კვლევაში მონაწილეობა 305-მა ადამიანმა მიიღო, მათგან 88.5% (270 გამოკითხული) მდედრობითი სქესის გახლდათ, ხოლო დანარჩენი – მამრობითი. გამოკითხულთა ასაკი 18-დან 75 წლის ჩათვლით მერყეობს, ხოლო მათი საშუალო ასაკი 22 წელი გახლავთ. კვლევის გასამყარებლად, ასევე, გამოვიყენეთ ჩაღრმავებული ინტერვიუსა და ფოკუს-ჯგუფების კვლევა, რომელთა მონაცემებიც დაემთხვა არსებულ რაოდენობრივ მონაცემებს.

როგორც აღმოჩნდა, საკარანტინო პერიოდის გატარება გამოკითხულებს 0-დან 20-მდე ადამიანთან ერთად უწევთ, თუმცა, საშუალოდ 3 ადამიანთან ერთად ატარებენ დროს.

 

 

იმის დასადგენად, მოქმედებს თუ არა შემოსავლის ოდენობა სხვა ასპექტებზე, ცდის პირებს ვკითხეთ, რამდენია მათი ყოველდღიური შემოსავალი და დავადგინეთ, რომ 31.8%-ის (97 გამოკითხული) შემოსავალი 500-დან 1000 ლარის ჩათვლით მერყეობს.

დამატებით, კვლევის მიხედვით დავადგინეთ, რომ გამოკითხულთა 65.2% (199 გამოკითხული) არ მიეკუთვნება რომელიმე რისკ ჯგუფს, რაც მნიშვნელოვანია სხვა ცვლადებთან მიმართებაში.

ასევე გვაინტერესებდა, თუ რამდენად სრულფასოვან ინფორმაციას ფლობენ გამოკითხულები კორონა ვირუსის შესახებ, რადგან ნაკლებად სავარაუდოა ადამიანი განიცდიდეს მღელვარებას, უძილობას და ა.შ. თუ ფიქრობს, რომ კოვიდ-19 არ არის მომაკვდინებელი. როგორც აღმოჩნდა, ვირუსის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს 263 გამოკითხული (305 გამოკითხულიდან), ხოლო  4 ადამიანი არ ფლობს ამ ინფორმაციას.

დავინტერესდით, სახლში ყოფნის პერიოდში რა დროს უთმობენ ადამიანები საინფორმაციო გადაცემებსა და სოციალურ ქსელებს. 59% (180 გამოკითხული) თითქმის მთელი დღე ათვალიერებს სოც. ქსელებს, ხოლო 43.3% (126 გამოკითხული)  მხოლოდ სამთავრობო ბრიფინგებს უყურებს.

 

შედეგად, შეგვიძლია დავუშვათ, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი ვირუსის შესახებ ინფორმაციას სოც. ქსელით იღებს, ამის დასამტკიცებლად ორი ცვლადის გაერთიანება დაგვჭირდა – „ინფორმირებულობა“ და „სოც. ქსელის მოხმარების სიხშირე“. 

 

ამის გარდა, ცნობილია, რომ ახალგაზრდა ადამიანები ტელევიზორს იშვიათად უყურებენ და ძირითადად სმარტფონებს იყენებენ. ამის დასადასტურებლად კორელაციურად დავაკავშირეთ „ასაკი“ და „საინფორმაციოების ყურების სიხშირე“, თუმცა შედეგი აღემატებოდა სანდოობის სტანდარტს (0,005). 

 

კითხვაზე „მონიშნეთ ბოლო დროს გამოვლენილი მახასიათებლები“, დავადგინეთ
3 ძირითადი ჯგუფი. როგორც სხვადასხვა დიაგნოსტიკურ კლასიფიკაციებშია ჩამოთვლილი აუცილებელი
„სახეზე არსებული დარღვევების ნუსხა“, ჩვენს შემთხვევაშიც გვქონდა 3 ჯგუფში აუცილებელი
მახასიათებლები, ესენია:

ჯგუფი I – „დეპრესიული“
(19
,7%)

მახასიათებლები:

• ძილიანობა

• დაღლილობის განცდა

• უმადობა

• ყურადღების დაბალი კონცენტრაცია

• უიმედობის განცდა

• ოჯახის წევრებთან ურთიერთობით სიამოვნების ვერ მიღება

 

ჯგუფი II – „შფოთვა“ (34,2%)

მახასიათებლები:

• უძილობა

• წონაში კლება

• მოუსვენარი ძილი

• ქაოტურობა

• აღელვებულობა

• გუნება-განწყობილების სწრაფი ცვლილება

 

ჯგუფი III – „მშვიდად ყოფნა“
(24,7%)

მახასიათებლები:

• დავკავდი ჩემი ჰობებით

• მშვიდად ვარ

• მოტივირებული ვარ

• იმედიანად ვგრძნობ თავს

• ახალი გასართობები აღმოვაჩინე

ოჯახის წევრებთან ურთიერთობით
სიამოვნების მიღება

 

21.4%-ის (63 გამოკითხული) პასუხი
იყო ორაზროვანი ან არ მოიცავდა არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფს.

ზემოთ ნახსენებ
კითხვაში ყველაზე ხშირად მონიშნული იყო
„დავკავდი ჩემი ჰობებით“ – 28.7%
.

 

კითხვამ „რა აქტივობებს მიმართავთ
კარანტინის პირობებში?
“ – დაგვანახა, ძირითადად რა აქტივობებით კავდებიან
ადამიანები კარანტინის პერიოდში. აქაც შეგვიძლია აქტივობები დავყოთ ჯგუფებად, მაგალითად:

• ტექნოლოგიების გამოყენება

• ფიზიკური აქტივობები

• შემეცნება

 

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ხშირად ადამიანები „ტექნოლოგიების გამოყენება“-ს
(41.4%) ანიჭებენ უპირატესობას.
ამ კატეგორიაში ერთიანდება შემდეგი პასუხები:

• აქტიურად ვიყენებ სოციალურ ქსელს და ბლოგებს (18.7 %)

• ვესწრები ონლაინ ვებინარებს და ლექციებს – 14.6 %

• ფილმების ყურება – 8.1%

 

 სხვა აქტივობები (36.4%) აერთიანებს
შემდეგ პასუხებს:

• კულინარიით დავკავდი – 18.9%

• ვარჯიში – 12.4%

• იოგა – 5.1%

• შემეცნება – 15.3%

 

ხოლო, შემეცნება (15.3%):

• წერა – 4.3 %

• კითხვა – 11%

 

   გარდა ამისა, დავინტერესდით, პანდემიის
პერიოდში ადამიანები ფიქრობდნენ თუ არა ახალ სამუშაო სფეროსა და სამომავლო გეგმებზე.
ამის გასაგებად დავსვით კითხვები:

                1)    ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ხომ არ გიფიქრიათ ახალი პროფესიის დაუფლებაზე?

          2) ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ხომ არ გიფიქრიათ ახალი ბიზნეს-იდეის შემუშავებაზე?

 

შედეგებმა გვაჩვენა, რომ გამოკითხულთა დიდ ნაწილს არ უფიქრია ახალი პროფესიის დაუფლებასა და სამომავლო ბიზნეს გეგმებზე.

   შედეგებიდან გამომდინარე, დამატებით დავინტერესდით, რატომ არ ფიქრობდნენ ადამიანები ახალ ბიზნეს იდეებზე. სიმცირე სივრცეში განმარტოვების პრობლემას დავუკავშირეთ. ამის შესამოწმებლად ეს ცვლადი დავაკავშირეთ რაოდენობრივ ცვლადთან „რამდენ ადამიანთან ერთად გიწევთ კარანტინის გატარება?“, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადამიანების რაოდენობასა და ახალ იდეებზე ფიქრს შორის ურთიერთკავშირი არ არის.

 

ამის შემდეგ, ვიკვლიეთ ის ადამიანები, რომლებიც ახალ იდეებზე ფიქრობენ და დავინტერესდით, რა სფეროში მუშაობენ ისინი? აღმოჩნდა, რომ ასეთი ადამიანები, ძირითადად, კერძო სექტორში არიან დასაქმებულები. 

   საინტერესო აღმოჩნდა, კარანტინის პირობებში ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანთა ქცევა. 305 გამოკითხულიდან 22-ს აღმოაჩნდა ქრონიკული დაავადება. შემდგომი ანალიზით დავადგინეთ, რომ ამ ადამიანთა 89.4% მიეკუთვნება ჩვენს მიერ შედგენილ მეორე – „მშფოთვარე“ ჯგუფს. ამის შემდეგ, დავაკავშირეთ „ქრონიკული დაავადებების“ ცვლადი და „საინფორმაციოების ყურების სიხშირე“ და შედეგად დავადგინეთ, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები უფრო ხშირადაც უყურებენ საინფორმაციო გამოშვებებს.

 

   შეჯამება:

   კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მნიშვნელოვანი ტენდენციები:

 

ადამიანთა უმეტესობა კორონა ვირუსის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელი იღებს.

პანდემიის დროს სოც. ქსელის აქტიურად მოხმარების ფორმები შემდეგნაირად გადანაწილდა: გამოკითხულთა 59% თითქმის მთელი დღის განმავლობაში ათვალიერებს სოც. ქსელში გავრცელებულ სიახლეებს, დარჩენილი ნაწილი კი საათში ერთხელ მაინც ამოწმებს სიახლეებს.

შეინიშნება შესაძლო კავშირი სოციალური ქსელის აქტიურად მოხმარებასა და შფოთვით-დეპრესიულ მდგომარეობებს/განწყობებს შორის.

კარანტინის პირობებში, თვითრეგულაციისთვის და სტრესთან გასამკლავებლად გამოიკვეთა შემდეგი აქტივობები: ბლოგინგი, სოციალური მედიის გამოყენება, ვებინარებზე დასწრება, ფილმების ყურება, ვარჯიში, კულინარია, იოგა, წერა, კითხვა. მათგან ყველაზე მცირე მაჩვენებელი ჰქონდა წერას (4.3%), ხოლო ყველაზე მეტი ადამიანი ამჯობინებს სოციალური მედიის მოხმარებასა (18.7%) და ონლაინ ვებინარების დასწრებას (14.6%).

ახალი ბიზნესის დაწყებასა თუ პროფესიის შეცვლაზე უფრო მეტად ფიქრობენ კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ქრონიკული დაავადებების მქონე გამოკითხულთა 89,4% შფოთვით ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რაც იმას ნიშნავს რომ რისკ ჯგუფების წარმომადგენლები უფრო მეტად განიცდიდნენ უძილობას, გუნება-განწყობილების ცვლილებას, მოჭარბებულ მადას და სხვა უსიამოვნებებს, კარანტინის პერიოდში.

• მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი გამოკითხულები უფრო ხშირად უყურებდნენ საინფორმაციო გადაცემებს ვიდრე სხვები.

კვლევის შედეგად, ასევე გამოვლინდა 3 ძირითადი ჯგუფი, რომლებიც საერთო მახასიათებლების გარშემო გაერთიანდნენ. როგორც აღოჩნდა, ყველაზე დიდი ჯგუფი ეკუთვნის შფოთვის და მღელვარებისათვის დამახასიათებელი საერთო ნიშნების გარშემო გაერთიანებულ გამოკითხულებს. ეს ჯგუფი 34,2%-ს შეადგენს.