რატომ ვექცევით რელიგიური გავლენების ქვეშ

 რელიგია ძლიერ გავლენას ახდენს მორწმუნე ადამიანის ქცევაზე. ის ერთ-ერთი უძლიერესი ინსტრუმენტია მასზე მიმხრობ ინდივიდთა სამართავად. საინტერესოა, რატომ ხდება ისე, რომ რწმენაზე დაყრდნობით ადამიანები მათთვის მიუღებელ ქცევასაც კი სჩადიან. რელიგიის გავლენამ საუკუნეების განმავლობაში მრავალი არაჰუმანური მოვლენა გამოიწვია, ჯვაროსნული ლაშქრობებით დაწყებული, ბუდისტური ბირმით დამთავრებული. იყო ეს ინდური სატის სისტემა, თუ შუა საუკუნეების ევროპაში გაუგებარი ნიშნებით ადამიანების ალქაჯებად შერაცხვა და შემდეგ მათი უმოწყალოდ დასჯა. ბართლომეს ღამე და თუნდაც წლების განმავლობაში ისლამის მიმდევარ ქისტებსა და ქრისტიან ფშავ-ხევსურებს  შორის არსებული ბრძოლები. ყველაფერი ამის უკან იდგა კონკრეტული ხერხები და მექანიზმები, რომლებიც რელიგიური ჯგუფების ქცევას წარმართავდა. მოდით შევეცადოთ და რაციონაული ახსნა მოვუძებნოთ მოვლენებს, რომელთა დახმარებითაც რელიგია ასეთ ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე და გავარკვიოთ, თუ რატომ ვექცევით რელიგიური გავლენების ქვეშ.

 სოციალური გავლენის თეორიის მიხედვით,(Latane, 1981) სხვა ადამიანების გავლენა ინდივიდზე დამოკიდებულია ზეგავლენის წყაროს, ანუ გავლენის მომხდენთა  სამ მახასიათებელზე, ესენია რაოდენობა, უშუალობა/სიახლოვე და სიძლიერე/მნიშვნელობა. რაოდენობის ნაწილში უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო მეტია გავლენის მომხდენთა რიცხვი, მით მეტად ვემორჩილებით მათ. რელიგიური ჯგუფების შემთხვევაში გავლენის მქონე პირების რაოდენობა საკმაოდ დიდია, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათდამი მორჩილებას. უშუალობა/სიახლოვე გულისხმობს, რომ რაც უფრო ახლოსაა გავლენის მომხდენი პირი ჩვენთან, მით უფრო მეტად ზემოქმედებს ჩვენზე. რელიგიურ ლიდერებს საკმაოდ ხშირი, თანაც  მჭიდრო  ურთიერთობა აქვთ საკუთარ მრევლთან, რაც, თავის მხრივ, ასევე ეხმარებათ გავლენის მოპოვებაში. ხოლო მესამე ფაქტორი, სიძლიერე/მნიშნელოვნება, ყველაზე მკაფიოდ მოქმედებს რელიგიური ჯგუფების შემთხვევაში და მასზე შედარებით უფრო მეტ ყურადრებას გავამახვილებ. სიძლიერე/მნიშვნელოვნება გულისხმობს, რომ რაც უფრო ძლიერია გავლენის წყარო, მით უფრო მარტივად ვემორჩილებით მას.

 რელიგიური ლიდერები სარგებლობენ არა მხოლოდ როლური უპირატესობით, არამედ ისინი ერთგვარ ფარს იქმნიან, რომელიც ჯგუფში გაჩენილ საწინააღმდეგო აზრს აირეკლავს. ეს ფარი გახლავთ ზებუნებრივით ჩაგონებულობა, ვგულისხმობ, რომ თუ რელიგიური ლიდერი იტყვის: ,,უნდა დავალაგოთ ეზო, რადგან ეს უფალის ნებაა’’, მეტი შანსია, რომ მას დავემორჩილოთ, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ რელიგიური ლიდერის მოწოდება კი არ გვამოქმედებს, არამედ მის უკან ვხედავთ ყველაზე ძლიერ და მნიშვნელოვან ძალას, რომელიც ბუნებითად შეიძლება ჩვენს წარმოსახვაში არსებობდეს, ანუ თავად ღმერთს. ეს შემთხვევა უფრო მარტივად გასაგები რომ გახდეს, ბავშვობის ასაკში დავბრუნდეთ, როდესაც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად წესების საწინააღმდეგოდ ვმოქმედებდით. სავარაუდოა, რომ ამ ასაკში ბევრს გექნებოდათ შემთხვევა, როდესაც უთქვამთ, რომ თუ ცუდად მოიქცევოდით, თქვენს საყვარელ ადამიანს რაიმე ცუდი დაემართებოდა. ჩემს შემთხვაში ეს ადამიანი დედა გახლდათ და როდესაც ვინმე მთხოვდა, რომ დავუშვათ არ ავსულიყავი კიბეზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დედაჩემს რამე მოუვიდოდა, მისთვის არასასურველ ქცევას ვბოჭავდი არა იმიტომ, რომ ,,ვიღაც მეზობელმა“ მითხრა-ასე მოვქცეულიყავი, არამედ ჩემთვის ყველაზე ძლიერ და მნიშვნელოვან ძალას, დედას, ვუფრთხილდებოდი. ასე რომ, როდესაც საქმე ჩვენთვის მნიშვნელოვან ვინმეს/რამეს ეხება, ბევრად ძლიერდება  სურვილი, რომ მას გავუფრთხილდეთ ან უბრალოდ ვასიამოვნოთ და ამის გამო, ბევრად მარტივდება ჩვენი სხვის მიერ ჩვენი ქცევის მართვა. მანიპულაციის ამ მეთოდს მიმართავენ ისინი, ვინც რეალურად გრძნობენ, რომ მათ სიტყვებს სჭირდება შედარებით ძლიერი დასაყრდენი, რათა შედეგზე გავიდნენ. ისინი სასწორის ერთ მხარეს ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს, გნებავთ მოვლენას გვიდებენ, რომელიც ჩვენი რეალური სურვილების საპირწონედ აღმოჩნდება და სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ სასწორის პირველი მხარე საერთოდ ცარიელია, მანამ გადაწონის იგი ჩვენს რეალურ სურვილებს. ამას ემატება ავტორიტეტისადმი მორჩილების ფენომენიც. მდგომარეობა, როდესაც ვთვლით, რომ ვინმეს აქვს ლეგიტიმური უფლება, რაიმე გვიბრძანოს და ჩვენც ვემორჩილებით მას, რაც, თავის მხრივ, ზრდის თუნდაც ჩვენთვის მიუღებელად მოქცევის შესაძლებლობას.

  დეინდივიდუაციის ფენომენი(Reicher,2003) არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ხსნის თუ რატომ იზრდება ინდივიდის  ანტისოციალურად მოქცევის შესაძლებლობა, მაშინ, როდესაც იგი ჯგუფთან ერთად მოქმედებს. დეინდივიდუაციის დროს იქმნება ისეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელშიც ადამიანები ნაკლებად აცნობიერებენ საკუთარ პიროვნულ ფასეულობებსა და ქცევებს, და ამის ნაცვლად, ჯგუფსა და სიტუაციაზე კონცენტრირდებიან. უკეთ გასაგებად ისევ ცხოვრებისეული მაგალითი მოვიშველიოთ. ამჯერად სასკოლო ასაკში დავბრუნდეთ. ალბათ ყველა ჩვენგანს გვიფიქრია სკოლიდან გაპარვაზე. საინტერესოა, რომელ შემთხვევაში გადავდგამდით ამ ნაბიჯს უფრო თამამად- მაშინ როდესაც ჯგუფთან ერთად ვიქნებოდით, თუ მარტო მოქმედებისას. ხშირ შემთხვევაში ნაბიჯის გადადგმა უფრო გვიადვილდება, როდესაც ჯგუფთან ერთად ვმოქმედებთ, ვინაიდან პასუხისმგებლობა სხვა წევრებზეც ნაწილდება. ამით შეიძლება აიხსნას ფაქტი, რომ რელიგიური ჯგუფები, რომლებიც წესებს არღვევენ, ძალადობენ ან თუნდაც უბრალოდ საკუთარი მოსაზრების დაცვას ცდილობენ, შედარებით თამამად მოქმედებენ, ვინაიდან მათ გვერდით იმყოფება მრავალი თანამოაზრე, რომელიც პასუხისმგებლობას ინაწილებენ. ამ ფაქტზე ისიც ახდენს გავლენას, რომ ადამიანებს ბუნებითად არ გვიყვარს მარტო დარჩენა, ანდაზის არ იყოს, ,,მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალია“ და რა გასაკვირია,  წესების დარღვევისასაც გვჭირდება სხვა ადამიანი გვერდში, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ შეუფერებელი ქცევის განხორციელების შემდეგ, მაინც იარსებებს ისეთი ვინმე, ვინც არ გაგვრიყავს და ჩვენს გვერდით დარჩება.

  დეინდივიდუაციის ფენომენს  სოციალური გავლენის თეორიას თუ დავუმატებთ, უკვე გვექნება საკმაოდ მყარი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა დამატებითი ბერკეტებით იმართება რელიგიური ჯგუფების ქმედებები და გარკვეული მოსაზრებები გაგვიჩნდება იმის შესახებ, თუ რატომ ჩაიდინა საზოგადოებისათვის გაუმართლებელი ქმედება მორწმუნემ, რომელსაც ამ ქმედებამდეც ვიცნობდით და  ვერც ვიფიქრებდით, რომ რაიმე მსგავსის გაკეთება შეეძლო.  ფორმალურ თუ არაფორმალურ ჯგუფში, სადაც არსებობს იერარქიული საფეხურები, რომელზე აღმასვლის ერთ-ერთი განმაპირობებელი ჯგუფისთვის მოპოვებული სარგებელია და ვინაიდან ადამიანს მუდმივად ამოძრავებს სურვილი, იყოს მოწონებული, იყოს მიღებული და დაფასებული, იერარქიულ კიბეზე აღმასვლის პროცესში დიდ ენერგიას დებს, ამ გზაზე კი ხშირად საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მიუღებელ ქცევების ჩადენას სთხოვენ. მნიშვნელოვანია ისიც რომ, რაც უფრო ძლიერია ადამიანის რწმენა, მით უფრო მეტად ხდება რელიგიური ლიდერის მოწოდების შემსრულებელი. ასეთი რადიკალურად მოაზროვნე ინდივიდები წარმოადგენენ ერთგვარ ნავსის გამტეხ ძალას. და როდესაც ნავსი გატეხილია, ჯეიმს უილსონის და ჯორჯ კელინგის ,,ჩამსხვრეული ფანჯრების“ თეორიაში განხილული მოვლენების მსგავსი პროცესები იწყება. ჩამსხვრეული ფანჯრების თეოერია გულისხმობს, რომ საკმარისია, ვინმემ გადადგას მართლსაწინააღმდეგო ნაბიჯი და არ დაისაჯოს, რომ მას სხვებიც მიბაძავენ ,,თუ სახლში არ გამოვცვლით ჩამსხვრეულ შუშებს, მალე ამ სახლში აღარცერთი შუშა აღარ დარჩება“. თან თუ ამას ემატება ისიც, რომ ნავსის გამტეხებს შესაბამისი სასჯელი არ უწესდებათ, კიდევ უფრო მეტად მძაფრდება მათთან შეერთების სურვილი. ამასთან ერთად, ჯგუფის რადიკალური ნაწილის ქცევის მოტივში პირად სარგებელსაც ხედავენ. ჩნდება მოლოდინები, რომ ჯგუფისთვის საჭირო საქმის შესრულებით, ისინი მეტად დაფასებულები გახდებიან, გაიმყარებენ პოზიციას და საკუთარ სულიერ ცხოვრებასაც უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანენ, ვინაიდან ქმედების სათავეში ღვთიური ძალის სურვილს ხედავენ, რომლის შესრულება მათი პირდაპირი მოვალეობაა, გონებაში ლოცვასავით მეორდება სიტყვები: ,,უნდა გავასუფთაოთ ეზო, რადგან ეს უფლის ნებაა“.

 

 საბოლოოდ, როგორც არ უნდა გვინდოდეს, რომ გავექცეთ ჩვენს ბიოლოგიურ და ევულუციურ საწყისებს, ფაქტია, რომ ჩვენს ქცევას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, იქნება ეს კულტურული, ინსტიქტუალური თუ ფსიქიკური. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ სიტუაციაში სწორად გავაანალიზოთ, თუ რის საფუძველზე ვმოქმედებთ, არის თუ არა ეს ქცევა ჩვენი ყოველდღიური ქცევის მსგავსი, რა რეალური სარგებელი აქვს ჩვენს ქმედებებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგათ ნაბიჯი. როდესაც პროცესში უშუალოდ ვმონაწილეობთ, ჩვენი ხედვის მიღმა მრავალი ფაქტორი რჩება, ზოგჯერ ვხვდებით კიდეც, რომ ჩვენი ქვცევა გაუმართლებელია, მაგრამ ხშირად ნაბიჯს უკან აღარ  ვდგამთ, თითქოს ჭადრაკის დაფაზე პაიკის პოზიციაზე ვიდგეთ და მხოლოდ წინ შეგვეძლოს სვლა. ზოგადად, რაც უფრო მეტს ვიგებთ საკუთარი თავის შესახებ, მით უფრო რთული ხდება ჩვენი ქცევის სხვის მიერ გაკონტროლება. ავტორიტეტის სიტყვებში ეჭვის შეტანაც კი კმარა ხოლმე, რომ ჩვენი ქცევის საჭესთან თავადვე დავიკავოთ ადგილი და ძალისხმევა მეტად სასიკეთო მოვლენებისაკენ მივმართოთ. რაც მალე გავაცნობიერებთ, რომ ზოგჯერ სხვისი არც თუ ისე კეთილი ზრახვების შესრულების პროცესში პაიკის როლს ვთამაშობთ, მით უფრო მყარად დავიწყებთ მოქცევას ისე, როგორც რეალურად სჭირდება სამყაროს.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Latané, B., & Wolf, S. (1981). The social impact of majorities and minorities. Psychological Review88(5), 438.

REICHER, S., & Hopkins, N. (2003). 15 On the Science of the Art of Leadership. Leadership and power: Identity processes in groups and organizations, 197.

Harcourt, B. E. (1998). Reflecting on the subject: A critique of the social influence conception of deterrence, the broken windows theory, and order-maintenance policing New York style. Mich. L. Rev.97, 291.

 

სტატიის ავტორი:თამაზ ლაღიძე