მედია სივრცის გავლენა ემოციურ და ფსიქოსომატურ რეაქციების განწყობებზე

 

   ნებისმიერი ემოცია დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმში ბიოქიმიურ ცვლილებებთან, ნებისმიერი ბიოქიმიური ცვლილება კი პირდაპირ კავშირშია გარკვეული ტიპის ავადმყოფობების რისკის ზრდასთან. მოცემული კვლევა აჩვენებს, რომ სატელევიზიო ახალი ამბების გამოშვებებიდან მიღებული ინფორმაციის უმეტესობა მაყურებელში იწვევს ნეგატიურ ემოციურ განწყობას. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განცდილი ნეგატიური ემოციები კი, თავის მხრივ იწვევს გარკვეულ ბიოქიმიურ ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმში და შესაძლოა მონაწილეობდეს სხვადასხვა ავადმყოფობების ჩამოყალიბებაში.
   ტელემაუწყებლობა და სოციალური მედია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანების განწობის ფორმირებას და ემოციურ მდგომარეობას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. მიწოდებული მასალის შინაარსი და ფორმა ცვლის განწყობას, მოქმედებს ემოციებზე და ეს ემოციები აისახება თითოეული ადამიანის ყოველდღიურ ყოფაზე, განცდებზე, განწყობაზე და ა.შ.
   რადგან ტელემაუწყებლობა ინტენსიური და ყოველდღიურია, ჩვენთვის საინტერესო იყო გვეკვლია, თუ რა სახის ემოციებს იწვევს ახალი ამბების გამოშვებებში მოწოდებული ინფორმაცია და როგორია ამ ინფორმაციის ემოციური ზემოქმედება მაყურებელზე. ასევე, ჩვენთვის საინტერესო იყო ასეთი ემოციების ზემოქმედება, განსაკუთრებით ნეგატიური ემოციების შემთხვევაში, მონაწილეობს თუ არა გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებაში.
   კონკრეტულ ემოციებს შეუძლიათ ორგანიზმში სხვადასხვა ბიოქიმიური ცვლილებების გამოწვევა და ამ გზით მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზ. მაგ.: ძლიერი სტრესის შემთხვევაში გააქტიურებულია თირკმელზედა ჯირკვლიდან ჰორმონ კორტიზოლის გამოყოფა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში კორტიზოლის ჭარბი რაოდენობი გამოყოფა იწვევს ისეთ ფიზიოლოგიურ გართულებებს, როგორიცაა: თირკმელზედა ჯირკვლის ზომაში ზრდა, სტრესზე ფიზიოლოგიური რეაქციების შესუსტება, გარკვეული ემოციური დარღვევების ჩამოყალიბება და სხვა.
   აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოვითხოვეთ 2018 წლის სტატისტიკური ცნობარი. მოწოდებული მონაცემებიდან ჩანს, რომ 2003-2008 წლიდან 2018 წლის ჩათვლით აღინიშნება სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობების, II ტიპის დიაბეტის, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების მატების დინამიკა. რა თქმა უნდა ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ აღნიშნული სტატისტიკური მაჩვენებლები პიდაპირ დაკავშირებულია რაიმე კონკრეტულის ზემოქმედებაზე, რადგან ბოლო წლების განმავლობაში პაციენტთა მომართვიანობის საფუძველზე დაწყებულია დაავადებათა აღწერა, თუმცა მატების დინამიკა საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგალითად II ტიპის დიაბეტის შემთხვევაში, რომელიც არის შეძენილი დაავადება და მის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სტრესი.
   აღნიშნული საკითხით საქართველოს ფარგლებს გარეთაც დაინტერესდნენ, სადაც დღემდე აქტიურად იკვლევენ მედია-სივრცის ეკოლოგიას (იგულისხმება მიწოდებული ინფორმაციის ფორმალური მახასიათებლები და ის ემოციური რეაქციები, რომელთაც მედიის მხრიდან მიწოდებული მასალა აღძრავს მაყურებლებში). ერთ-ერთი ასეთი კვლევა ჩაატარეს ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტში (კიევი, უკრაინა). იკვლევდნენ ნეგატიური და ნეიტრალური ემოციური დატვირთვის მქონე ახალი ამბების სიუჟეტების გავლენას მაყურებლის ფსიქო-ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. კვლევაში გამოყენებული ჰქონდათ ელექტროენცეფალოგრამისა (EEG) და ელექტროკარდიოგრამის (ECG) აპარატები. კვლევის ერთ ჯგუფს აწვდიდინენ ნეგატიურ, ხოლო მეორე ჯგუფს ნეიტრალური შინაარსის მქონე სიუჟეტებს, რა დროსაც მიმდინარეობდა EEG-სა და ECG-ს ჩაწერა. კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ ნეგატიური ხასიათის სიუჟეტების მიწოდებისას ხასიათი ორჯერ უფრო მეტად იცვლებოდა, ვიდრე ნეიტრალურის შემთხვევაში. ემოციურად ნეიტრალური სატელევიზიო სიუჟეტები, ხშირ შემთხვევაში, იწვევდნენ მოწყენილობას (თვალების დახუჭვა, ზოგჯერ მაღლა აზიდული წარბები, ვიდეოს ყურებისას მონაწილეები ეკრანს აღარ უყურებდნენ), ხოლო ემოციურად ნეგატიური სიუჟტების შემთხვევაში, სრულიად საპირისპირო რეაქციებს ავლენდნენ – იყვნენ კონცენტრირებულები, ავლენდნენ ბრაზს, შიშსა და გაოცებას; მომატებული იყო სიტუაციური შფოთვა და გულის ცემის რიტმი, აღენიშნებოდათ სახის კუნთების აქტივობა  და საერთო ჯამში მომატებული იყო აგრესიულობის დონე (Havrylets, 2013). ამავეს ადასტურებს შემდეგი კვლევა, რომლის თანახმადაც, ნეგატიური სტრესი პირდაპირ კავშირშია შფოთვასა და დეპრესიასთან (McNaughton-cassill, 2017).
   ძალადობის შემცველი სატელევიზიო სიუჟეტები იწვევენ პირველად ნეგატიურ ემოციებს ძალადობის ფორმის მიხედვით, აღნიშნული დასტურდება კვლევით და შედეგად გამოვლენილია რამოდენიმე ემოციური მდგომარეობა, რომელიც აღმოცენდება ძალადობრივი შინაარსის მქონე გადაცემების ყურებისას, ესენია ბრაზი და დაეჭვება, ხოლო რაც შეეხება სევდასა და შიშს, ისინი ასეთი სიხშირით არ ვლინდება (Unz, 2008).
   ამერიკაში, 2013 წელს, იკვლიეს ბოსტონის მარათონის დაბომბვისას სატელევიზიო მაუწყებლობის როლი. კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ყოველდიურად ექვსი ან მეტი საათის განმავლობაში დაბომბვასთან დაკავშირებით გასული სიუჟეტები, რომლებიც მომხდარიდან მთელი კვირის განმავლობაში გადიოდა, მაყურებლებში უფრო მეტად იწვევდა სტრესის მატებას, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ დაბომბვას (Holman, 2013). ამავე კვლევის ერთ-ერთი თანაავტორის (Silver, R) თქმით, იმის მაგივრად, რომ მაყურებლები მედიის მიერ გაშუქებული ტრავმული მოვლენების მიმართ ნაკლებად სენსიტიურები გახდნენ, სულ უფრო მეტად მგრძნობიარეები ხდებიან მსგავსი შინაარსების მიმართ (Whyte, 2019).
   საინტერესო შედეგები აჩვენა სატელევიზიო ნეგატიური სიუჟეტების გავლენის კვლევამ მეხსიერებაზე. აღმოჩნდა, რომ ის სიუჟეტები, რომლებიც მაყურებელში აღძრავდნენ ბრაზს, იყო ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი, რასაც მოყვებოდა შიშისა და ზიზღის აღმძრავი სიუჟეტები. დაფიქსირდა რეტროაქტიური და პროაქტიური მეხსიერების ეფექტი (Newhagen, 2009). მეხსიერებაში განსხვავებები აღმოჩნდა ნეგატიური სიუჟეტების მიწოდებამდე, მიწოდებისას და მიწოდების შემდგომ პერიოდებში. მეხსიერება უარესდებოდა ისეთი მასალის წარმოდგენისას, რომელიც შეიცავდა ნეგატიურ შინაარსს. ნეგატიური ინფორმაციის მიწოდებისას მეხსიერება უარესდებოდა სემანტიკურად ხელშეუხებელი აუდიალური ინფორმაციის მიწოდებისას, როგორიც არის საუბარი; თუმცა არ გაუარესებულა არასემანტიკური აუდიალური ინფორმაციისას, როგორიც არის ყვირილი, ან დაჯახების ხმები. ნეგატიური ინფორმაციის მიწოდების შემდგომი, ვიზუალური ინფორმაციის დამახსოვრება უკეთესი იყო, ნეგატიურ ინფორმაციამდე მიწოდებული ვიზუალური ინფორმაციის დამახსოვრებისგან განსხვავებით (Newhagen, 1992).
   საყურადღებოა, რომ ახალ ამბებში გასული ნეგატიური ინფორმაციები, რომელიც წარმოშობს ნეგატიურ განწობას, აღძრავს შემაწუხებელ ფიქრებს, შეუძლიათ გაამწვავონ და გაახსენონ ადამიანს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული პირადი ნეგატიური ისტორიები და პრობლემები; ისეთები, რომლებიც სრულიად არ უკავშირდება გადაცემის შინაარსს (Johnston, 2011).
   მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ მოზარდობის პერიოდამდე ასაკის ბავშვებში კონსტრუქციული ახალი ამბების მიწოდებას უფრო მეტად მოჰყვებოდა პოზიტიური ემოციური რეაქციები, ვიდრე ნეგატიური; დესტრუქციული ახალი ამბებისგან განსხვავებით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვებში კონსტრუქციულ საინფორმაციო გამოშვებებს შეუძლიათ გაზარდონ პოზიტიური და შეამცირონ ნეგატიური ემოციები. გარდა ამისა, ბავშვებზე პოზიტიურად მოქმედებს ახალ ამბებში ნანახის შემდგომი ჯგუფური განხილვა (Kleemans, 2017).


   მეთოდი

   კვლევის ფარგლებში ჩატარდა საქართველოს ხუთი სამაუწყებლო არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების კონტენტ-ანალიზი. აღნიშნული არხებია: „TV იმედი“, „TV პირველი“, „რუსთავი 2“, „მთავარი არხი“ და „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“. კვლევის ხანგრძლივობა იყო ერთი თვე – 2019 წლის 1 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით (ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით). თითოეული არხის საინფორმაციოს აანალიზებდა ორი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ. საკვლევი ინსტრუმენტი – ჩვენ მიერ შემუშავებული კონტენტ-ანალიზის სქემა, სადაც აღიწერებოდა საინფორმაციო გამოშვების თითოეული სიუჟეტის შინაარსი და ემოციური დატვირთვა შემდეგი მახასიათებლების მიხედვით :  ნეიტრალური, პოზიტიური და ნეგატიური. ასევე, შეფასდა გადაცემის ანონსისა და სიუჟეტების ხანგრძლივობა, ვიზუალურად მოწოდებული მასალა, ემთხვეოდა თუ არა სიუჟეტის სათქმელსა და ვერბალურად მოწოდებულ ინფორმაციას.
ინფორმაციის გავრცელების არეალის (რადიაციის დონე) კვლევა: თითოეულ სამაუწყებლო კომპანიას აქვს საკუთარი ოფიციალური facebook-გვერდი; კონტენტ-ანალიზში ასევე ივსებოდა გადაცემაში გასული სიუჟეტების შემდგომი გავრცელება სოციალურ ქსელში – ნახვების, კომენტარების, გაზიარებებისა და ემოციური რეაქციების რიცხვობრივი რაოდენობის მიხედვით.
   კონტენტ-ანალიზის გარდა, ჩატარდა ონლაინ გამოკითხვა. ჩვენთვის საინტერესო იყო, გაგვერკვია საზოგადოების მხრიდან სატელევიზიო ახალი ამბების ყურებადობის დონე, და იმ შემთხვევაში თუ არ ან აღარ უყურებენ, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი.

   შედეგები

   საერთო ჯამში, დამუშავებული სიუჟტების საერთო დრო არის 6363 წუთი. საიდანაც ემოციების პროცენტები ნაწილდება შემდეგნაირად:

• ნეიტრალური ემოციები – 24%;
• ნეგატიური – 63%;
• პოზიტიური – 13%.

   ცალკეულ არხებთან დაკავშირებით, ემოციების პროცენტების განაწილება არის შემდეგნაირი:

 

• „TV იმედი“ – 22% ნეიტრალური, 37% ნეგატიური, 41% პოზიტიური;
• „TV პირველი“ – 25% ნეიტრალური, 73% ნეგატიური, 2% პოზიტიური;
• „რუსთავი 2“ – 15% ნეიტრალური, 81% ნეგატიური, 4% პოზიტიური;
• „მთავარი არხი“ – 22% ნეიტრალური, 76% ნეგატიური, 2% პოზიტიური;
• „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“ – 50% ნეიტრალური, 40% ნეგატიური, 10% პოზიტიური. 

რაც შეეხება ანონსების ბლოკს:

 

„TV იმედი“ – საშუალოდ 3 წუთიანი ანონსები, ძირითადად ნეიტრალური;

• „TV პირველი“ – საშუალოდ 3 წუთიანი ანონსები, ძირითადად ნეგატიური;

• „რუსთავი 2“ – საშუალოდ 1 წუთიანი ანონსები, ძირითადად ნეგატიური;

• „მთავარი არხი“ – საშუალოდ 4 წუთიანი ანონსები, ძირითადად ნეიტრალური;

• „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“ – ძირითადად 1 წუთიანი ანონსები, საშუალოდ ნეიტრალური.

 

   არხების შინაარსობრივი მხარის შეჯამება ასეთია:

 

• „TV იმედი“ : ანონსი – უმეტესად ნეიტრალური; აწმყო დროში; ვიზუალი ემთხვევა სიუჟეტის ვიზუალს. გადაცემები უმეტესად აწმყო და მომავალ დროშია. სიუჟეტები ნეიტრალური და პოზიტიურია. ვიზუალი ემთხვევა სიუჟეტის შინაარსსა და ვერბალურ გადმოცემას. წამყვანი – პოზიტიური; რესპონდენტი – ნეიტრალური/პოზიტიური.

• „TV პირველი“ : ანონსი – ნეგატიურ-ნეიტრალური, წარსული-მომავალი; ვიზუალი ემთხვევა სიუჟეტის ვიზუალს. თხრობის სტილი-აწმყო. ვიზუალი ემთხვევა სიუჟეტის შინაარსსა და ვერბალურ გადმოცემას. წამყვანი-უმეტესად ნეგატიური; რესპონდენტი – ნეიტრალური/ნეგატიური. სიუჟეტები- უმეტესად ნეიტრალური.

• „რუსთავი 2“ : ანონსი – უმეტესად ნეგატიური; აწმყო დროში; ვიზუალი ემთხვევა სიუჟეტის ვიზუალს. თხრობის სტილი – უმეტესად აწმყო და მომავალი. სიუჟეტები უმეტესად ნეგატიური. ვიზუალი ემთხვევა სიუჟეტის შინაარსსა და ვერბალურ გადმოცემას. წამყვანი და რესპონდენტი – უმეტესად ნეგატიური.

• „მთავარი არხი“ : ანონსი – უმეტესად ნეიტრალური-ნეგატიური; აწმყო დროში; ვიზუალი ემთხვევა სიუჟეტის ვიზუალს. თხრობის სტილი – უმეტესად აწმყო. ვიზუალი ემთხვევა სიუჟეტის შინაარსსა და ვერბალურ გადმოცემას. სიუჟეტების შინაარსი უმეტესად ნეგატიურია. წამყვანი – ნეგატიური; რესპონდენტი – ნეგატიური.

• „საქართელოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“ : ანონსი უმეტესად ნეიტრალური; თხრობის სტილი – წარსული; ვიზუალი ემთხვევა სიუჟეტის ვიზუალს . სიუჟეტები უმეტესად ნეიტრალურია. ვიზუალი ემთხვევა სიუჟეტის შინაარსსა და ვერბალურ გადმოცემას.

 

ონლაინ გამოკითხვის შედეგად, სადაც გამოკითხულთა ასაკი იყო 18-დან 60 წლის ჩათვლით, სულ გამოიკითხა 300 ადამიანი, საიდანაც 58% იყო მდედრობითი, ხოლო 42% მამრობითი სქესის წარმომადგენელი.

 

გამოკითხულთა 77.4% იყო დასაქმებული. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ 38% არ უყურებს სატელევიზიო ახალი ამბების გამოშვებებს და ამის მიზეზად ასახელებს, რომ მიწოდებული ინფორმაცია იწვევს დიდი რაოდენობით უარყოფით ემოციას, არ არის სანდო, ნერვების მომშლელია, მოსაბეზრებელია და ა.შ. გამოკითხულთა დანარჩენი რაოდენობის 13.7% უყურებს „მთავარ არხს“, 13% – „TV იმედს“, 12% – „TV პირველს“, 9% – „რუსთავი 2-ს“, 6% – „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს“, ხოლო 8.3%- სხვა სატელევიზიო არხებს.

 

   განხილვა

 

 

   კვლევის შედეგად, გამოვლინდა, რომ საქართველოში გამოკვლეული სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემებში გასული სიუჟეტების უმეტესობა (63%) არის ნეგატიური დატვირთვის მქონე. არხების მიხედვით, მხოლოდ ერთი არხია („საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“), რომელიც შედარებით ნეიტრალური ფორმით გადმოსცემს ფაქტებს; გარდა ამისა, ასევე ერთი არხია („TV იმედი“), რომელიც რადიკალურად პოზიტიურ ჭრილში გადმოსცემს ინფორმაციას და დანარჩენი არხები, რომლებიც რადიკალურად ნეგატიურ ჭრილში ახორციელებენ მაუწყებლობას. რაც შეეხება რადიაციის დონეს – უმეტესად ნეგატიური შინაარსისა და ემოციის შემცველ ინფორმაციას აქვს გამოხმაურება. ნეგატიური ემოციური რეაქციების აღმძვრელი ინფორმაციის პარალელურად, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც აღარ უყურებენ სატელევიზიო ახალ ამბებს, თუმცა წარსულში აქტიურად უყურებდნენ. მნიშვნელოვანია ასევე, II ტიპის დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა რიცხვის ზრდა, რომლის გამომწვევი ერთ-ერთი რისკ ფაქტორიც არის სტრესი. სტატისტიკა II ტიპის დიაბეტის ზრდასთან დაკავშირებით, მოცემულია საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.

აღნიშნული კვლევის მიზანი იყო, გვეკვლია – როგორ მოქმედებს ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობაზე; კონკრეტულად კი, მოქმედებს თუ არა ნეგატიურად, ნეგატიურად მიწოდებული ინფორმაცია ადამიანის ემოციურ და ფსიქოსომატურ მდგომარეობაზე. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ახალი ამბების გამოშვებებით მოწოდებული ინფორმაცია მაყურებელზე ძირითადად ნეგატიურად მოქმედებს – აღძრავს ნეგატიურ ემოციებსა და შესაბამისად განწყობას. ამას ადასტურებს უცხოელების მიერ ჩატარებული მრავალი კვლევაც და მათ მიერვე გაცემული რეკომენდაციები მედიის მიმართულებით. რეკომენდირებულია, რომ ტრავმული მოვლენების გაშუქებისას, ტრავმული თემა განიხილებოდეს როგორც რისკ-ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა მაყურებელთა მგრძნობელობა გაზარდოს სხვა ნეგატიური მოვლენების მიმართ; ასევე დაადასტურეს, რომ სტრესული საკითხის გაშუქება ზრდის ადამიანთა მოწყვლადობას, განსაკუთრებით კი იმ საზოგადოებაში, რომელსაც ადრე უკვე აქვს გადატანილი მსგავსი სტრესული და ტრავმული გამოცდილება. ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხება საინფორმაციო ახალი ამბების „ემოციურად“ გაშუქების ზრდას, რომლის მიზანიც არის ნებისმიერი უარყოფითი შედეგის ხაზგასმა და სრულიად არ არის გათვალისინებული რამხელა უარყოფითი შედეგის მომტანია ეს. მედია გამუდმებით ცდილობს მაყურებლის შეშინებას იმისთვის, რომ ახალი ამბავი გახადოს მეტად მგრძნობიარე და ემოციური. ასეთი რაოდენობით ყოველდღიური და ინტენსიური ნეგატიური ემოციების განცდა, თავის მხრივ მოქმედებს ადამიანის ფიზიოლოგიაზე და შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ არის ერთ-ერთი რისკფაქტორი, რომელიც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.