ენებს შორის განსხვავებები - აქვს თუ არა გავლენა ჩვენს ფიქრებზე იმ ენას, რომელზეც ვსაუბრობთ?

მაღაზიაში შედის სპილო და ყიდულობს წვენს.

ენა კომუნიკაციის საშუალებაა. ადამიანები ენის მეშვეობით ვაგებინებთ ერთმანეთს იმას თუ რას ვფიქრობთ ან რას ვგრძნობთ. ახლაც, სანამ თქვენ ამას კითხულობთ, თქვენი გონება აღიქვამს აზრს და იგებს იმ ყველაფერს, რაც აქ წერია. ენის საშუალებით შეგვიძლია შევქმნათ, შეგვიძლია მივაწოდოთ ერთმანეთს სხვადასხვა იდეა, თუნდაც ისეთივე აბსურდული, როგორიც ამ სტატიის პირველი წინადადებაა, და შემდეგ წარმოვიდგინოთ ეს ყოველივე. აქედან გამომდინარე, ენა ინსტრუმენტია და მას შეიძლება იმაზე მეტი გავლენა აქვს ჩვენი ფიქრების ფორმირების პროცესზე, ვიდრე ამას ვაცნობიერებთ. შესაბამისად, საინტერესოა, განსხვავებულად აღიქვამდით თუ არა ამ ყოველივეს სხვა ენაზე, რომ კითხულობდეთ.

მსოფლიოში უამრავი ენაა და ყველა მათგანი განსხვავებული და უნიკალურია. მაგალითად, ქართულ ენაში სიტყვებს გრამატიკული სქესი არ გააჩნიათ. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს ზოგიერთ მათგანში გარკვეული სტერეოტიპული გაგებები, რასაც შეიძლება ვერც ვაცნობიერებთ და ისე ვიყენებთ. წარმოიდგინეთ, ვინმეს ახასიათებთ ვიზუალურად. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აღწერდით მამაკაცს, უფრო მოსალოდნელია გამოგეყენებინათ სიტყვა „სიმპატიური“, ვიდრე „ლამაზი“. ხოლო, ქალის შემთხვევაში პირიქით – ეს არის თქვენი ენის გავლენა თქვენსავე ფიქრებზე.

დაახლოებით, ამგვარ შედეგებს ვიღებთ, როდესაც ენებს შორის ამ პროცესებში განსხვავებებს ვეძებთ. მაგალითად, თუ გერმანელებს და ესპანელებს ვთხოვთ აღწერონ ხიდი, გერმანელები უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ მის აღსაწერად გამოიყენებენ სიტყვებს, როგორიცაა „მშვენიერი“, „ელეგანტური“ და ა.შ. – სტერეოტიპულად მდედრობით სქესთან დაკავშირებულ სიტყვებს. ხოლო, ესპანელები უფრო მეტად მოსალოდნელია სტერეოტიპულად მამრობით სქესთან დაკავშირებულ სიტყვებს (მაგ. „ძლიერი“) იყენებდნენ (Boroditsky, 2018).

რატომ შეიძლება მოხდეს ასე?

საქმე იმაშია, რომ გერმანულ ენაში სიტყვა „ხიდის“ გრამატიკული სქესი მდედრობითია და ესპანურ ენაში – მამრობითი (Boroditsky, 2018). შესაბამისად, როდესაც მათ ამ სიტყვის აღწერას ვთხოვთ, მათი ფიქრის პროცესს მათივე ენა განაპირობებს – ის თუ რომელ სიტყვებს მოიფიქრებდნენ ხიდის აღსაწერად დამოკიდებული იყო მათ ენაზე, ანუ იმაზე თუ როგორ გაიგება ან აღიქმება ეს სიტყვა.

საინტერესოა, რომ აბორიგენ საზოგადოებას (Kuuk Thaayorre people) ავსტრალიაში არა აქვთ სიტყვები „მარცხენა“ და „მარჯვენა“. ამის ნაცვლად, მათთვის ყველაფერი კარდინალური მიმართულებისაა: ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი. მაგალითად, წინადადებას – „ჭიანჭველა გაზის მარცხენა ფეხზე“ – ისინი იტყოდნენ შემდეგნაირად: „ჭიანჭველა გაზის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფეხზე“. ამასთან, მათ არ გააჩნიათ სიტყვა „გამარჯობა“. ამის მაგივრად, ისინი შეხვედრისას ერთმანეთს ეკითხებიან „რომელი გზით მიდიხარ?“. პასუხი შეიძლება იყოს ასეთი: „ჩრდილო-აღმოსავლეთით შორ დისტანციაზე და თქვენ?“. წარმოიდგინეთ, ყოველდღე ყველასთვის, ვისაც კი ხვდებით,  გიწევდეთ იმის თქმა თუ რა მიმართულებით მიდიხართ. სინამდვილეში, ჩვენ ეს გაგვიჭირდებოდა და ამ საზოგადოებასთან შედარებით ბევრად მეტ დროს დავუთმობდით პასუხის მოფიქრებას. რა ცვლილება შემოაქვს ამ განსხვავებას ენაში ადამიანისთვის? საქმე იმაშია, რომ ადამიანები, რომლებიც ასეთი ენით საუბრობენ უკეთ ორიენტირდებიან გარემოში – იმაზე უკეთესადაც კი, ვიდრე ჩვენ ვიფიქრებდით, რომ ადამიანს ეს შეეძლო (Boroditsky, 2018).  

 

ენები ასევე განსხვავდება იმით, თუ როგორ იყოფა ისინი ფერების სპექტრზე – ვიზუალურ სამყაროში. ზოგიერთ ენას აქვს ფერების შესაბამისი უამრავი სიტყვა, ზოგს კი მხოლოდ ორი – „ღია“ და „მუქი“. ენები განსხვავდება იმითაც, თუ სად დებენ საზღვრებს ფერებს შორის. მაგალითად, ინგლისურში, ლურჯისთვის არსებობს ერთი სიტყვა (blue), რომელიც მოიცავს ლურჯი ფერის ყველა ტონალობას. რუსულ ენაში საამისოდ ერთი სიტყვა არ არის. აქ განასხვავებენ ღია ცისფერს (голубой) და მუქ ლურჯს (Синий). შესაბამისად, რუსულენოვანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვთ გამოცდილება, რომ განასხვავონ ეს ორი ფერი და როდესაც ჩვენ ვამოწმებთ ამ ფერების აღქმის უნარს, ისინი უფრო სწრაფად ახერხებენ განასხვავონ ღია და მუქი ლურჯი ფერები ერთმანეთისგან (Boroditsky, 2018).

 

ენები განსხვავდება იმის მიხედვითაც, თუ როგორ აღვწერთ მოვლენებს (Boroditsky, 2018). მაგალითად, ინგლისურ ენაში ამბობენ „მან გატეხა ვაზა“. ხოლო, ესპანურ ენაში იტყოდნენ „ვაზა გატყდა“. შესაბამისად, როცა ეს შემთხვევითობაა, ესპანურ ენაში არ ამბობენ იმას, რომ ვაზა ვინმემ გატეხა. ინგლისურში კი, ხშირად იყენებენ ვინმეს რაღაც შემთხვევის მიზეზად. მაგალითად, ამბობენ „მე ხელი მოვიტეხე“ – თითქოს მართლა თვითონ განზრახ მოიტეხა ხელი. რეალურად, კი ეს შემთხვევითობა იყო და არა განზრახვა. შესაბამისად, ასეთ დროს სხვა ენებში ისინი ამ შემთხვევის გადმოსაცემად სხვა წინადადებას გამოიყენებდნენ.

როგორ გავლენას ახდენს ეს განსხვავებები ენებში ფიქრის პროცესზე?

სხვადასხვა ენები სხვადასხვა რამეს აქცევენ ყურადღებას და ესეც თვითონ ენაზეა დამოკიდებული, ანუ იმაზე თუ რის გაკეთებას სთხოვს მათ ის ენა, რომელზეც საუბრობენ (Boroditsky, 2018). მაგალითად, რაღაც შემთხვევა რომ ვაჩვენოთ ინგლისურენოვანებსა და ესპანურენოვანებს, ინგლისურენოვანები უფრო მოსალოდნელია, რომ დაიმახსოვრებენ იმას, ვინც ჩაიდინა ეს, ვინაიდან ინგლისური ენა მათგან მოითხოვს, რომ ამ შემთხვევაზე შემდეგნაირად იფიქრონ და თქვან: „მან გატეხა ვაზა“. ხოლო, ესპანურენოვანები უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ დაიმახსოვრებენ ამ შემთხვევას, როგორც შემთხვევითობას – ანუ ისინი აღწერდნენ მას, როგორც „შემთხვევას“ – ესაა ფიქრის ფორმირების პროცესზე ენის გავლენაც.

 

ჩვენ ვფიქრობთ ყველაფერზე რაღაც გარკვეული კუთხიდან, რაც განსხვავებულია სხვადასხვა ენებში. შესაბამისად, ერთსა და იმავე სიტუაციაზე ორმა სხვადასხვა ენოვანმა ადამიანმა განსხვავებული მოვლენა დაიმახსოვრა. ამას, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს თვითმხილველის ჩვენებაზეც. ასევე, გავლენა ექნება ბრალსა და სასჯელზეც: რა მოხდება თუ ინგლისურენოვან მოსაუბრეს აჩვენებ ვინმეს, ვინც ვაზას ტეხავს და იტყვი, რომ „მან გატეხა ვაზა“? მიუხედავად იმისა, რომ ის თვითონ შეესწრო ამ მოვლენას – რომ ეს შემთხვევითობა იყო – და მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ ნახავს ამ სცენას ახლიდან, მაინც უფრო მეტად დაადანაშაულებს იმ ადამიანს, თუ უბრალოდ ვეტყოდით „მან გატეხა ვაზა“, „ვაზა გატყდა“-ს ნაცვლად. აქედან გამომდინარე, ენა გვაძლევს მიმართულებას სხვადასხვა მოვლენების შესახებ მსჯელობისა და შეფასების პროცესში და, შესაბამისად, მათ ახსნაში.

 

ექსპერიმენტები – ახდენს თუ არა გავლენას სხვადასხვა ენაზე საუბარი სამყაროს აღქმაზე?  

მაგალითად, ჩინურ ენებსა (Mandarin) და ინგლისურ ენას შორის არსებობს განსხვავება დროის აღქმასთან დაკავშირებით. პირველი დროს აღწერს ვერტიკალურად, მეორე – ჰორიზონტალურად.

რიჩმონდის მიხედვით (წყარო 1), “ჰორიზონტალური დრო” ჰგავს გრძელი უდაბნოს მაგისტრალზე გავლას. ყოველი დღე ან თვე არის საგზაო ნიშანი. ჩვენ გვახსოვს სად ვიყავით, წარმოვიდგინეთ სად შეიძლება მივდიოდეთ და გვაქვს მკაფიო განცდა, რომ მანქანა უფრო და უფრო სწრაფად მოძრაობს. ჰორიზონტალური დრო იწყება იმ ბავშვობაში, რომელიც ჩვენ გვახსოვს და გრძელდება მოზარდობაში, ახალგაზრდა ზრდასრულობაში, სრულ სიმწიფემდე და მის შემდეგ. ამ დროის მიხედვით, ისტორია დღეს არ მთავრდება და ის გრძელდება „მოსახვევებში სხვადასხვა წარმოსახვითი მომავლისაკენ“. რიჩმონდის თქმით (წყარო 1), არსებობს მეორე დროც – “ვერტიკალური დრო”, რაც ნიშნავს ამ აწმყოს მომენტს: ეს ოთახი, ეს წიგნი, ეს სხეული, ეს სუნთქვა. მიუხედავად იმისა, რომ ჰორიზონტალური დრო მეტწილად გონებრივია, ვერტიკალური დრო უფრო ფიზიკურია და გამოხატულია სხეულსა და სუნთქვაში. ჰორიზონტალური დროისგან განსხვავებით, ვერტიკალურ დროს არა აქვს „მანამდე“ და არც „შემდეგ“. ის ყოველთვის აქ არის, ახლა. მას აღარ აქვს მოგონებების ან წარმოსახვითი მომავლის ადგილი – ესაა განსხვავებაც ამ დროებს შორის.

ერთ-ერთი კვლევის (Boroditsky, 2001) შედეგებმა აჩვენა, რომ მაგალითად, როდესაც ინგლისურ ენაზე მოსაუბრეები ლაპარაკობდნენ იმ ენაზე, რომელშიც დრო ვერტიკალურად აღიქმება, ისინი მაინც ჰორიზონტალურად აღწერდნენ მას. კიდევ ერთმა კვლევამ (Boroditsky, 2001) აჩვენა, რომ ის თუ რამდენად ექნებოდა გავლენა სხვა ენაზე საუბარს დროის აღქმაზე, დამოკიდებული იყო იმაზე თუ რამდენი წლის ასაკში დაიწყეს მათ ამ ენაზე საუბარი. სხვა ექსპერიმენტში (Boroditsky, 2001) ინგლისურ ენაზე მოსაუბრეებს ასწავლიდნენ დროის აღქმას ვერტიკალური დროის ტერმინებში. შედეგებმა აჩვენა, რომ ამგვარ მიდგომას გავლენა ჰქონდა მათ მიერ დროის აღქმისა და აღწერის პროცესებზე.

შესაბამისად, ამ ექსპერიმენტების (Boroditsky, 2001) საფუძველზე დადგინდა, რომ 1) ენა ძლიერი ინსტრუმენტია აბსტრაქტული ცნებების შესახებ ფიქრების ფორმირების პროცესში და 2) ადამიანის მშობლიური ენა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვეული ფიქრების ფორმირებაში, თუმცა არ განსაზღვრავს მის აზროვნებას ძლიერ ენის ფარდობითობის ჰიპოთეზის (Sapir–Whorf hypothesis) გაგებით.

საბოლოო ჯამში, ენებს შორის განსხვავებები მართლაც ახდენს გავლენას ფიქრებზე. ეს განსხვავებები არ გულისხმობდა იმას თუ როგორ ფიქრობენ ადამიანები სხვაგან. ისინი გულისხმობენ იმას თუ როგორ აფორმირებს თქვენს ფიქრებს თქვენივე ენა. შესაბამისად, გვრჩება კითხვა: როგორ შეგვიძლია ამ ცოდნის გამოყენება საკუთარი ფიქრების ცნობიერად ფორმირებაში?

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Boroditsky, L. (2018). How language shapes the way we think. Open Educational Resources Collection. 13.

Boroditsky, L. (2001). Does language shape thought?: Mandarin and English speakers’ conceptions of time. Cognitive psychology43(1), 1-22.

წყარო 1 -ის ლინკი – https://hinessight.blogs.com/church_of_the_churchless/2012/06/how-to-move-between-horizontal-and-vertical-time.html

ვიდეოს ლინკი – https://www.youtube.com/watch?v=RKK7wGAYP6k

 

 

სტატიაზე იმუშავა – ანა მხეიძემ