ინფორმაციული გადატვირთვა

„რა ჩავიცვა დღეს მეგობრის დაბადების დღისთვის?“, „რა ფერის მაისური ვიყიდო?“, „ამის შემდეგ რომელი წიგნი წავიკითხო?“, „სამსახურში ავტობუსით წავიდე, სამარშრუტო ტაქსით, მანქანით თუ მეტროთი?“, „რომელი გზა ავირჩიო საცობის თავიდან ასარიდებლად?“ და ა.შ. ალბათ ჩამოთვლილი სიტუაციები ნაცნობია თქვენთვის. ვერ დამარწმუნებთ, რომ მსგავსი კითხვა საკუთარი თავისთვის არასდროს დაგისვამთ, ეს შეუძლებელია. ყოველი ჩვენგანი დღის განმავლობაში არაერთი არჩევნის წინაშე დგას. ხშირად ეს დილემა მნიშვნელოვანია, ხშირადაც უმნიშვნელო, მაგრამ საბოლოოდ მაინც გვიწევს გადაწყვეტილების მიღება. შეიძლება ზემოთ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა  გიმარტივდებათ, მაგრამ ყოველი გადაწყვეტილება მარტივი მისაღები, როდია. ზოგჯერ არჩევნის გაკეთებაში  ინფორმაციის ნაკლებობა, საკითხის არ ცოდნა გვიშლის ხელს, უფრო ხშირად კი (თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინფორმაციულ საუკუნეში ვცხოვრობთ) ამის მიზეზი ზედმეტად დიდი რაოდენობის ინფორმაციაა. გაგიკვირდათ? მართლაც უცნაურია, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება,  ინფორმაციის ზედმეტად დიდი რაოდენობა ძალიან ართულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ვინაიდან  მიღებული ინფორმაცია აღემატება იმ რაოდენობას, რა რაოდენობის გადამუშავებისა და ათვისების უნარიც ჩვენ გაგვაჩნია, ამ მდგომარეობას ინფორმაციული გადატვირთვა ეწოდება.

ინფორმაციული გადატვირთვის პრობლემა ყველაზე მწვავედ 21-ე საუკუნეში დადგა. ალბათ მიხვდებოდით რამ გამოიწვია მსგავსი გამწვავება. ტექნოლოგიების განვითარებამ, სოციალური ქსელების პოპულარიზაციამ, უამრავი საინფორმაციო პლატფორის შექმნეამ და უსასრულო (ჩვენთვის საინტერესო თუ ნაკლებად საინტერესო)  ინფორმაციის  ხელმისაწვდომად ქცევამ ინფორმაციული გადატვირთვა პრიორიტეტულ პრობლემად აქცია. თუმცა, სანამ მოცემულ საკითხზე სოციალური ქსელების გავლენას უფრო სიღრმისეულად განვიხილავ, მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხს გავუსვა ხაზი. როგორც უკვე აღვნიშნე, ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვნად გაამწვავა პრობლემა და თავად  ტერმინი „ინფორმაციული გადატვირთვაც“ ახალია, მაგრამ ზედმეტად დიდი რაოდენობის ინფორმაცია უკვე მრავალი ასწლეულია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად ითვლება.

მე-15 საუკუნეში საბეჭდი მანქანის გამოგონებამ მნიშვნელოვნად გაზარდა დაბეჭდილი წიგნების რაოდენობა და შეამცირა მათი ფასი (Hoq, 2016).  გარდა ამისა 1550-1750 წწ-ში ევროპამ გამოსცადა ე.წ „ინფორმაციული აფეთქება, მნიშვნელოვნად გაიზარდა სამეცნიერო და საგაზეთო ტექსტების რაოდენობა (Rosenberg, 2003). ამასთან, 1598 წელს ლონდონის საჯარო ბიბლიოთეკის გახსნამ უამრავი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადა დიდი რაოდენობის ინფორმაცია (Hoq, 2016). იმის წარმოსადგენად თუ როგორ იზრდებოდა ხელმისაწვდომი ინფორმაციის რაოდენობა, მნიშვნელოვანია Schuman (1991)-ის მიერ ციტირებული სტატისტიკა  (Bawden, Holtham & Courtney, 1999), რომლის მიხედვითაც:

  • New York Times“ –ის ყოველკვირეული ახალი ამბები შეიცავს იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისის საშუალო სტატისტიკური მოქალაქე შეიძლება გაცნობოდა მთელი ცხოვრების მანძილზე.
  • გვიანი მეოცე საუკუნის ინგლისური ენა შეიცავდა დაახლოებით 50 000 სიტყვას, რაც შექსპირის დროინდელ ინგლისურ სიტყვებზე ხუთჯერ მეტია.
  • აშშ-ს დიდი ბიბლიოთეკების კოლექცია 1876 წლიდან 1990 წლამდე გაორმაგდა.

ამ ყველაფერს ემატება მე-20 საუკუნის შუიდან ტექნოლოგიების ინტენსიური განვითარება, რამაც დღევანდელობამდე, ანუ ინფორმაციულ ერამდე მოგვიყვანა.

წარმოიდგინეთ, თუ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ბოლომდე, ანუ სოციალური ქსელების განვითარებამდე დაგროვდა  ამხელა რაოდენობის ინფორმაცია, რა მოხდებოდა ამ ბოლო რადმენიმე ათწლეულის განმავლობაში? Wheelwright (2021) -ის მიხედვით საშუალო სტატისტიკური ამერიკელი ინდივიდი დღის განმავლობაში მობილურ ტელეფონს 262-ჯერ – ყოველ 5.5 წუთში –  ამოწმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეფონიდან, რაც სოციალურ ქსელებს უფრო მისაწვდომსა და მარტივად გამოსაყენებელს ხდის, ადამიანი იმაზე მეტ ინფორმაციას იღებს, ვიდრე სხვა რომელიმე წყაროდან. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღის განმავლობაში ტელეფონისა და სოციალური ქსელების გამოყენება ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო არ არის. ამას ემატება ტელევიზია, სოციალური ურთიერთობები, წიგნები და ა.შ. ეს ჩამონათვალი კი დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის უპრეცედენტო რაოდენობას შეადგენს.

ალბათ რამდენიმე სოციალურ ქსელში ერთდროული ან თანმიმდევრული  „სქროლვის“ შემდეგ  არაერთხელ  გიგრძვნიათ დაღლა, გამოფიტვა ან სულაც, გაღიზიანება. ეს სავსებით ნორმალური ფიზიოლოგიური პასუხია იმ წნეხზე, რომელის ქვეშაც გონება მოექცა სოციალურ ქსელებში „ხეტიალისას“.   Rodriguez, Gummadi & Schoelkopf (2014) – ის მიერ Twitter-ის მომხმარებლებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოცემული სოციალური ქსელის მომხმარებელი დღეში დააახლოებით 40 „თვითს“ აწარმოებს, ხოლო CBSnews.com (2016) ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცრუ ინფორმაციის შემცველმა სტატიებმა უფრო დიდი ჩართულობა აჩვენა, ვიდრე 19 მთავარი სამაუწყებლო კომპანიის ინფორმაციამ. ამდენად, თითოეული სოციალური ქსელის გამოყენებისას არა მხოლოდ ზედმეტად დიდ ინფორმაციასთან გამკლავება გვიწევს, არამედ იმაზეც ვორიენტირდებით თუ რამდენად შეესაბამება ესა თუ ის ინფორმაცია ჭეშმარიტებას. გარდა ამისა, ახალი არ არის ის ფაქტი, რომ მომხმარებელთა დიდ ნაწილს, გართობისა თუ ხალხის აზრის გაგების მიზნით, კომენტარების კითხვა მათზე პასუხის გაცემა იზიდავს.

უკვე ბევრი ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ და რა ინტენსივობით ვითარდება ინფორმაციული გადატვირთვის პრობლემა, ასევე ხაზი გავუსვი ამაში სოციალური ქსელების როლს ახლა კი დროა პასუხი გავცეთ კითხვას: რა გავლენას ახდენს ინფორმაციული გადატვირთვა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე?

უკვე დიდი ხანია მარკეტერები და ფსიქოლოგები ატარებენ კვლევებს იმის დასადგენად თუ რა რაოდენობის ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ კლიენტებს, რათა მათ ამ ინფორმაციის სრულყოფილად გადამუშავება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება შეძლონ. ამ ინტერესის საფუძველი გახდა ის საბაზისო მოსაზრება, რომ ზედმეტად დიდი ინფორმაციის მიღების შემდეგ ინდივიდები ნაკლებად ეფექტურ  გადაწყვეტილებებს იღებენ (Lee & Lee, 2004).  უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ფსიქოლოგებისა და მარკეტერებისთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რას გამოიწვევს ალტერნატივების ზრდა – გადაწყვეტილების მიღების ხარისხის კლებას, თუ არჩევანის გაკეთების სურვილს (Korhonen, et al., 2017). არაერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ ინფორმაციულ გადატვირთვას, როგორც მოვლენას/კონცეფტს აქვს ემპირიული საფუძველი, არ არის მითი და ნამდვილად დიდი გავლენა აქვს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. წარმოიდგინეთ მუშაობთ პრეზენტაციაზე, უამრავი სტატია მოიძიეთ, რადმდენიმე ვიდეო გააანალიზეთ, დოკუმენტური ფილმები ნახეთ და  წიგნებიდან საკითხთან დაკავშირებული მასალა ამოიწერეთ. ერთი სიტყვით საკითხის შესახებ უამრავ ინფორმაციას ფლობთ, მაგრამ პრეზენტაციის დრო შეზღუდულია, მოძიებული ინფორმაციის წარდგენა 5-10 წუთში გიწევთ. რომელ საკითხებს მიანიჭებდით უპირატესობას? რას შეიტანდით პრეზენტაციაში? რამდენად გაგიჭირდებოდათ არჩევანის გაკეთება? მსგვასი სიტუაცია არაერთხელ მქონია. საკუთარ თავზე გამომიცდია თუ რამდენად რთული ამხელა რაოდენობის ინფორმაციის გაანალიზება, შემდეგ კი ეფექტური გადაწყვეტილების მიღება.  ასე ხდება სხვა შემთხვევაშიც, იქნება ეს ტანსაცმლის ყიდვა, ტრანსპორტის არჩევა, წიგნის შერჩევა თუ სხვა, ზედმეტად დიდი რაოდენობის ინფორმაცია ეფექტური და ხარისხიანი გადაწყვეტილების მიღების ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

ამდენად, ინფორმაციული გადატვირთვა,  უკვე მრავალი ასწლეულია პრობლემაა,  ტექნოლოგიების განვითარებამ კი მისი მნიშვნელობა  ერთი ორად გაზარდა. როგორც უკვე ვნახეთ, ზედმეტად დიდი რაოდენობის ინფორმაცას ნეგატიური გავლენა აქვს ჩვენი ცხოვრების მრავალ ასპექტზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კი გადაწყვეტილების მიღებაა. ეს მოვლენა არა მხოლოდ დაღლას, გაღიზიანებასა და კონცენტრაციის გართულებას, არამედ ეფექტური გადაწყვეტილების მიღების გართულებასაც იწვევს.

 

Lee, B. K., & Lee, W. N. (2004). The effect of information overload on consumer choice quality in an on‐line environment. Psychology & Marketing21(3), 159-183.

Korhonen, P. J., Malo, P., Pajala, T., Ravaja, N., Somervuori, O., & Wallenius, J. (2018). Context matters: The impact of product type, emotional attachment and information overload on choice quality. European Journal of Operational Research264(1), 270-279.

Rodriguez, M. G., Gummadi, K., & Schoelkopf, B. (2014, May). Quantifying information overload in social media and its impact on social contagions. In Eighth International AAAI Conference on Weblogs and Social Media.

Bawden, D., Holtham, C., & Courtney, N. (1999, October). Perspectives on information overload. In Aslib proceedings. MCB UP Ltd.

Hoq, K. M. G. (2014). Information overload: Causes, consequences and remedies-A study. Philosophy and progress, 49-68.

Lee, S. K., Lindsey, N. J., & Kim, K. S. (2017). The effects of news consumption via social media and news information overload on perceptions of journalistic norms and practices. Computers in Human Behavior75, 254-263.

Rosenberg, D. (2003). Early modern information overload. Journal of the History of Ideas64(1), 1-9.

https://www.youtube.com/watch?v=VxfGuZ5Bsgk&ab_channel=CreativeTechnology%26Design

 

სტატიის ავტორი – ავთო ხელიძე