გენდერული სტერეოტიპები: „ვარდისფერი მხოლოდ გოგონებისთვისაა, ბიჭები კი თოჯინებით არ თამაშობენ“

 წარმოიდგინეთ სიტუაცია, მეგობარმა თავისი შვილის დაბადების დღეზე დაგპატიჟათ. გოგონა შვიდი წლის ხდება. თქვენ შედიხართ სათამაშოების მაღაზიაში. სადღაც მოშორებით ღია ვარდისფერ ტონებს ამჩნევთ და ეგრევე ასკვნით, რომ საჩუქარი, რომელსაც ეძებთ სწორედ ამ ხასხასა ვარდისფერ თაროებზეა განთავსებული. ძალიან სწრაფად იღებთ პასტელის ფერებში გამოწყობილ თოჯინას და ტოვებთ სათამაშოების განყოფილებას. ერთი მხრივ, დამეთანხმებით, ძალიან მოსახერხებელი მარკეტინგული სვლაა პროდუქციის ორ  ძირითად ჯგუფად დაყოფა- „გოგოსთვის“ და „ბიჭისთვის“, ანუ-პასტელის ფერები, ვარდისფერი, იასმნისფერი, თეთრი და ლურჯი, წითელი, შავი. მაღაზიაში შესული დაბნეული მომხმარებელი ეგრევე პოულობს შესაფერისი კატეგორიის თაროს და მარტივად იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა, ჩნდება კითხვა, იქნებ ის, რაც პატარა შვიდი წლის გოგონას მართლა უნდა და აინტერესებს სულაც არ არის განთავსებული ხასხასა ვარდისფერ თაროზე.

  გენდერულ სტერეოტიპებში მოიაზრება საზოგადოების მიერ გაზიარებული ის რწმენები, რომლებიც ქალისა და მამაკაცის მახასიათებლების შესახებ გაგვაჩნია. სოციუმს აქვს გარკვეული მოლოდინები, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს თითოეული სქესის წარმომადგენელი ადამიანი. ეს მოლოდინები იცვლება დროსთან და კულტურასთან მიმართებით. ჩვენ ბავშვობიდანვე ვიზიარებთ სტერეოტიპების გარკვეულ ასპექტებს. 2-3 წლის ბავშვი უკვე ასოციაციურად უკავშირებს სხვადასხვა ობიექტებსა და აქტივობებს მამრობით ან მდედრობით სქესს (Smelser, & Baltes, 2001). გენდერულ სტერეოტიპებს უდიდესი როლი უკავიათ ადამიანის იდენტობის წინასწარმეტყველებისას. მაგალითად, ქალს მიაწერენ ისეთ დადებით თვისებებს, როგორებიცაა: კეთილი, მზრუნველი და ყურადღებიანი; და ნეგატიურს, მაგალითად: დამოკიდებული, სუსტი, ზედმეტად ემოციური. აქვე კაცს უკავშირებენ შემდეგ დადებით თვისებებს: დამოუკიდებელი, მიმწოლი, მიღწევაზე ორიენტირებული; და ნეგატიურს: აგრესიული, უგრძნობი, ამპარტავანი (Baron, & Branscombe, 2011, p.183-184). საზოგადოება მოელის თითოეული ადამიანისგან, რომ ის შეასრულებს თავისი სქესით განსაზღვრულ როლს და ჩაჯდება იმ სტანდარტებში, რომლებსაც განაპირობებს მისი გენდერი. მაგალითად, ბიჭებისგან მეტად მოელიან წარმატებას სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ვიდრე გოგონებისგან. ერთ-ერთ ექსპერიმენტში ორივე სქესის ათლეტებს ევალებოდათ თავისი სპორტისთვის რელევანტური აქტივობების/დავალებების შესრულება. ათლეტების ნაწილს უთხრეს, რომ შესრულებულ დავალებაში აქამდე უკვე გამოვლინდა გენდერული განსხვავება, მეორე ჯგუფს არ მიუღია მსგავსი ინფორმაცია. შედეგად, პირველ ჯგუფის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ათლეტები ნეგატიური სტერეოტიპის გავლენის ქვეშ მოექცნენ და  უარესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე  მეორე ჯგუფის იმავე სქესის სპორტსმენებმა (Hively, & El-Alayli, 2014). მსგავსი შედეგი დაფიქსირდა მათემატიკური პრობლემების გადაჭრის პირობაში, სქესის ხაზგასმა აუარესებდა მდედრობითი სქესის მონაწილეებში დავალების შესრულების ხარისხს (Spencer, Steele, & Quinn, 1999). ექსპერიმენტებში გამოვლენილ ფენომენს სტერეოტიპული მუქარა ეწოდება, მოცემული ტერმინი კარგად აღწერს იმას, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ერთი შეხედვით უწყინარმა მოლოდინმა/სტერეოტიპმა (მაგალითად-„მათემატიკა ბიჭებს უფრო ეხერხებათ“; “ბურთს გოგოსავით ნუ ისვრი!“ ) ადამიანის მიერ დავალების შესრულების ხარისხზე.

 ახლა ისევ სათამაშოების მაღაზიაში დავბრუნდეთ. სოციოლოგიის პროფესორი ელიზაბეთ სვიტი აღნიშნავს, რომ დღეს მარკეტინგი უფრო მეტადაა გენდერზე ცენტრირებული, ვიდრე 50 წლის წინ, როდესაც სექსიზმი და გენდერული დისკრიმინაცია ფაქტობრივად ნორმად ითვლებოდა. თუმცა გენდერული სტერეოტიპები მარკეტინგის განუყოფელი ნაწილი წინა საუკუნეშიც იყო. 1920-1960-იან წლებში სათამაშოები გოგონებისთვის ძირითადად ფოკუსირებული იყო საშინაო, საყოფაცხოვრებო საქმიანობასა და ზრუნვაზე. მაგალითად, 1925 წლის სათამაშო ცოცხისა და საწმენი ტილოს რეკლამა აცხადებდა: ”დედებო! აგერ, ერთი პრაქტიკული სათამაშო პატარა გოგონებისთვის. ყველა გოგონას უყვარს სახლის დასუფთავება და დედის საქმის კეთება“ (2014). ასეთი სათამაშოები, ფაქტობრივად, ზრდიდნენ დიასახლისების ახალ თაობას და ამზადებდნენ პატარებს სოციალურად მისაღები და მოსაწონი როლებისთვის. განვიხილოთ 1925 წლის კიდევ ერთი რეკლამა. ამჯერად საქმე ეხება კონსტრუქტორს. „ყველა ბიჭს მოსწონს შენება. ეს კონსტრუქტორის კომპლექტი მარტივად დააკმაყოფილებს ამ მიდრეკილებას და გონებრივად განავითარებს ბავშვს… ის (ბიჭი) ისწავლის ინჟინერიის საფუძვლებს“-აცხადებს რეკლამა( Sweet, 2014). TEDx talk-ის ფარგლებში ელიზაბეტ სვიტი აღნიშნავს, რომ სათამაშოების ასეთი დაყოფა გენდერის მიხედვით, მნიშვნელოვნად ცვლის ბავშვის მიერ სოციალური როლების აღქმას. საზოგადოებას ბავშვობიდანვე აჩვევდნენ- მათემატიკა, ფიზიკა, ინჟინერია ბიჭებისთვისაა, ხოლო საჭმლის მზადება, კერვა, ქსოვა- გოგონებისთვის. გასული საუკუნის ბოლოს ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევაში ერთმანეთს შეადარეს გოგონებისა და ბიჭების საძინებელი ოთახები, ტანსაცმელი და სათამაშოები. შედეგებმა აჩვენა, რომ ბიჭებთან უფრო ხშირად ვხვდებით სპორტულ აღჭურვილობას, მანქანებს, კონსტრუქტორებს; გოგონებთან კი- სათამაშო ავეჯს, თოჯინებს. ბიჭების ნივთებში განსაკუთრებით ლურჯი, წითელი და თეთრი ფერები დომინირებს, გოგონების შემთხვევაში წამყვანი ფერი ვარდისფერი იყო (Pomerleau, Bolduc, Malcuit, & Cossette, 1990). სათამაშოების ფუნქციონალური განსხვავება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტერეოტიპული გენდერული როლებითაა განპირობებული. მაგრამ, საინტერესოა, რატომ არის, მაინცდამაინც, ვარდისფერი მიჩნეული უფრო ფემინურად ვიდრე ლურჯი? ცხადია, ეს „დაუწერელი კანონიც“ ერთგვარი მარკეტინგული სვლაა. გასულ საუკუნეებში ფერები, გენდერული თვალსაზრისით, სრულიად საპირისპიროდ იყო განაწილებული – ვარდისფერი უფრო ხშირად მამაკაცებს ეცვათ. მოცემული ფერი წითელის ღია ტონად იყო მიჩნეული. წითელი კი, თავის მხრივ, ძალასთან და სიმამაცესთან ასოცირდებოდა. ლურჯს კი ხშირად უკავშირებდნენ ღვთისმშობელ მარიამს, ითვლებოდა რომ ეს ფერი შედარებით უფრო მშვიდი და ნაზი იყო, რის გამოც გოგონების სამოსში ძალიან ხშირად ფიგურირებდა. მიუხედავად ფერების ასეთი სიმბოლიზაციისა, ლურჯისა და ვარდისფერის დაყოფა გენდერული თვალსაზრისით 1940-იან წლებში მოხდა. როდესაც მსხვილი მწარმოებელი კომპანიები შეთანხმდნენ- „ ვარდისფერი-გოგონებისთვის, ლურჯი კი ბიჭებისთვისაა“, პიკს კი 1980-იან წლებში მიაღწია. მედიცინის განვითარებამ ხელი შეუწყო მომავალ მშობლებს წინასწარ გაეგოთ ბავშვის სქესი. როგორც კი ოჯახი იგებდა ბავშვის სქესს, ის წინასწარ იწყებდა მისი გაჩენისთვის მზადებას, რაც ასევე მოიაზრებდა „შესაფერისი“ ფერთა პალიტრის გამოყენებით  საბავშვო ოთახის მომზადებას. გახარებული მშობელი დაუფიქრებლად ყიდულობდა რაც შეიძლება მეტ ლურჯ ან ვარდისფერ პროდუქციას (Hartmann, 2011).

 TEDx talk-ის ფარგლებში  ელიზაბეტ სვიტს მაგალითად მოჰყავს საკუთარი შვილი. მაღაზიაში მისულ პატარა გოგონას „ლანჩბოქსის“ ყიდვა ჰქონდა ჩაფიქრებული. მას არ მოეწონა გოგონების სექციაში წარმოდგენილი ვარდისფერი ყუთები და ხელი ჩაავლო გვერდით თაროზე განთავსებულ მწვანე, დინოზავრებიან „ლანჩბოქსს“. თაროდან ჩამოიღო თუ არა, კარგად შეათვალიერა და თვალი მოჰკრა წარწერას- „ბიჭებისთვის“. მოცემულმა წარწერამ გოგონას ეჭვი გაუჩინა, რომ მის მიერ შერჩეული, მოწონებული პროდუქტი არ იყო განკუთვნილი მისთვის. სამწუხაროა, რომ ადამიანებს უწევთ საკუთარი თავის დიდი ნაწილის უარყოფა, რათა ჩაეტიონ „ვარდისფერ-ლურჯ“; „გოგოსთვის- ბიჭისთვის“- სტანდარტებში. რაოდენ პრიმიტიული იქნებოდა სამყარო, ფერს რომ შეეძლოს ადამიანის იდენტობის განსაზღვრა. ადამიანები იმდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სიმბოლოებს, რომ გვავიწყდება ის, თუ რამდენად განსხვავებულები და უნიკალურები ვართ.  დღეს საზოგადოება მეტად ებრძვის გენდერულ სტერეოტიპებს. წინ წამოიწია ინდივიდუალიზმმა და თვითგამოხატვამ. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ფერი, ან თუნდაც სათამაშოს ფუნქციონალური დანაწილება გენდერის მიხედვით-უბრალოდ სოციალური კონსტრუქტი და მარკეტინგული ხრიკია, რომელმაც არ უნდა შეზღუდოს ადამიანის ინდივიდუალობა- მისი ფანტაზია და ინტერესები, და საკმარისია ეს ყველაფერი კარგად გავიაზროთ, რათა სტერეოტიპი: „ვარდისფერი მხოლოდ გოგონებისთვისაა, ბიჭები კი თოჯინებით არ თამაშობენ“ სასაცილოდაც კი მოგვეჩვენოს.

გამოყენებული ლიტერატურა:

Smelser, N. J. & Baltes, P. B. (Eds.). (2001). International encyclopedia of the social & behavioral sciences (Vol. 11). Amsterdam: Elsevier.

Baron, R. A. & Branscombe, N. R. (2011). Social Psychology (13th edition). Pearson.

Hively, K., & El-Alayli, A. (2014). “You throw like a girl:” The effect of stereotype threat on women’s athletic performance and gender stereotypes. Psychology of Sport and Exercise15(1), 48-55.

Spencer, S. J., Steele, C. M., & Quinn, D. M. (1999). Stereotype threat and women’s math performance. Journal of experimental social psychology35(1), 4-28.

Sweet, E. (2014). Toys are more divided by gender now than they were 50 years ago. The Atlantic9, 2014.

TEDx talk. (2015, November 17). Beyond the Blue and Pink Toy Divide | Elizabeth Sweet | TEDxUCDavisSalon [Video]. Youtube. https://www.youtube.com/watch?v=xdHJGH97vyo

Pomerleau, A., Bolduc, D., Malcuit, G., & Cossette, L. (1990). Pink or blue: Environmental gender stereotypes in the first two years of life. Sex roles22(5-6), 359-367.

Hartmann, M. (2011, October 4). The History Of Pink For Girls, Blue For Boys. Jesebel. https://jezebel.com/the-history-of-pink-for-girls-blue-for-boys-5790638   

სტატიის ავტორი: თამარ ქავთარაძე


თარიღი – 08.08.2021