ემოციის გამოხატვის დადებითი მხარეები

რამდენიმე დღის წინ, სუპერმარკეტში ვიყავი, ტკბილეულის დახლთან. გვერდით პატარა გოგონა მომიახლოვდა, რომელიც მაკვირდებოდა. დამინახა, რომ შოკოლადის ორცხობილები ავიღე და მანაც ჩემი საქციელი გაიმეორა, ოღონდ 1 შეკვრის ნაცვლად 10 აიღო და სანდოდ მიიხუტა გულთან. სახეზე გაუბრწყინდა, როცა წარმოიდგინა სახლში მისული როგორ ჩაიტკბარუნებდა პირს. ბედნიერი და გახარებული დედასთან მივიდა, კალათაში ჩაულაგა ისინი და მოემზადა სალაროსთან მისასვლელად. დედამ, რა თქმა უნდა, ამოალაგა ორცხობილები და დაიტოვა მხოლოდ ერთი. პატარა გოგონამ ტირილი დაიწყო, ემოცია არ დათრგუნა და მთელი სუპერმარკეტის ყურადღება მიიქცია. ალბათ ყველა ადამიანს უნახავს მსგავსი სიტუაცია თავის ცხოვრებაში, თან არაერთხელ. რამაც გამაკვირვა იყო დედის რეაქცია – მან მშვიდად იყიდა მისი არჩეული პროდუქტები და მიიხუტა შვილი. გოგონამ უთხრა დედას : „მე ხომ ძალიან მინდა ეს ორცხობილები“, დედამ კი უპასუხა : „მესმის, ჩემო პატარა, ბუნებრივია იყო განაწყენებული და გაბრაზებული“. ეს იყო მომენტი, როცა დავფიქრდი ყველაზე რთული გრძნობებში არის ის, რომ მისი წარმოდგენა გონებაში მარტივია, თუმცა გამოხატვა – რთული. ყველას სჭირდება ადამიანი გვერდით, რომ გაიზიაროს მისი ემოცია, როგორც ჩემი მაგალითის შემთხვევაში, ეს როლი დედამ შეითავსა. არ არის აუცილებელი ადამიანმა გაიგოს შენი მდგომარეობა, აუცილებელია მან შეიგრძნოს შენი ემოცია.

როცა ადამიანი განიცდის რაიმე ემოციას, ეს არ შეიძლება იყოს ლოგიკური, ეს არის წმინდად ნეიროფსიქოლოგიური, ამ ყველაფერს ბიოლოგიური ახსნა აქვს. ლიმბური სისტემა არის  ტვინის სტრუქტურების კომპლექტი, რომელიც მდებარეობს თალამუსის ორივე მხარეს, თავის ტვინის ქერქის ქვემოთ. ის პასუხისმგებელია აკონტროლოს ჩვენი ემოციები, მეხსიერება და მოტივაცია. თითოეული ადამიანი განსხავებულად გამოხატავს გრძნობებს, განსხვავებულად ინტენსიურად შეიგრძნობს ამას – ეს ყველაფერი სწორედ ლიმბური სისტემის დამსახურებაა. ჩვენ ბევრ სტერეოტიპებთან ერთად ვიზრდებით – დაბადებიდან გვასწავლიან რა ვიგრძნოთ და რა არა. მშობლები ბავშვებს საკუთარი ემოციების აღმოფხვრისკენ მოუწოდებენ. მაგალითად, ბევრი მშობელი შვილს ეუბნება: „ნუ ხარ მტირალა, ხალხს მტირალა ბავშვები არ უყვარს“. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ემოციების გამოხატვა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამისთვის გვაქვს ცნება – ემოციური ინტელექტი, რომელიც მოიაზრებს შესაძლებლობას, რომ გავიგოთ, გამოვიყენოთ და გავაანალიზოთ ჩვენივე ემოციები სტრესის შემცირების მიზნით, სხვებისადმი ემპათიისა და კომუნიკაციისთვის.

როცა დადებითი ემოცების გამოხატვაზე ვსაუბრობთ, წარმოუდგენელია არ გაგვახსენდეს სიცილი, რომელიც ძირითადი, ბიოლოგიური ემოციის გამოხატვას წარმოადგენს. ბევრმა არ იცის, რომ 3D ულტრაბგერითი ტექნოლოგიის დახმარებით დადგინდა, მუცლად ყოფნისას ბავშვები იღიმიან, შემდეგ დაბადებისას, ძილში იღიმიან. უსინათლო ბავშვებიც კი, მშობლის ხმაზე ღიმილით რეაგირებენ. კალიფორნიაში, ბერკლის უნივერსიტეტში 30 წლიანი ლონგიტიდური კვლევა ჩატარდა, სადაც გამოსაშვები წიგნის ფოტოებზე გამოხატული ღიმილის დახმარებით ზომავდნენ სტუდენტების წარმატებას და ბედნიერებას მთელი ცხოვრების განმავლობაში. ანუ სტუდენტების მომღიმარი სახის გაზომვით, მკვლევრებს შეეძლოთ ეწინასწარმეტყველათ რამდენად ხანგრძლივი და წარმატებული ქორწინება ექნებოდათ მათ ცხოვრებაში. (Harker, 2001)

ასევე, 2010 წელს უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, სადაც 1950-იანი წლის ბეისბოლის მოთამაშეების ფოტოებს აკვირდებოდნენ. მკვლევრების თანახმად, მოთამაშის მომღიმარ ფოტოს შეეძლო რეალურად ეწინასწარმატყველა მისი ცხოვრების ხანგრძლივობა. მოთამაშეები, რომლებიც არ იღიმოდნენ ფოტოებში, საშუალოდ ცოცხლობდნენ 72,9 წლის განმავლობაში, ხოლო ისინი, ვინც იღიმოდნენ, საშუალოდ 80 წელი. (Kruger, 2010)

საშუალოდ ყოველი მესამე მოზრდილი, დღეში 20-ჯერ იცინის, ბავშვები კი, დღეში 400-ჯერ. შვედეთის უფსალას უნივერსიტეტის კვლევამ დაადასტურა, რომ რთულია იყო წარბშეკრული მომღიმარი ადამიანების ირგვლივ, ამიტომაა ბავშვების ირგვლივ რომ მეტს ვიცინით. სიცილი ევოლუციურად გადამდებია და ის თრგუნავს კონტროლს, რომელიც ჩვეულებრივ გვაქვს სახის კუნთებზე. ჩალზ დარვინმა თავის თეორიაში „სახეობების წარმოშობა“ აღნიშნა, რომ თვითონ გაღიმების მდგომარეობა თავს უკეთესად გვაგრძნობინებს.

ყველაზე სასიამოვნო ინფორმაცია ისაა, რომ ბრიტანელი მკვლევრების თანახმად, ერთ ღიმილს შეუძლია ტვინის სტიმულაციის იგივე დონის წარმოქმნა, რამდენიც 2000 შეკვრა შოკოლადს. ასევე, ამ კვლევის თანახმად ღიმილი ისეთივე მასტიმულირებელია, როგორც ნაღდი ფულის 16 000 გირვანქა სტერლინგის მიღება. თუმცა ეს ინფორმაცია გვერდზე რომ გადავდოთ, ხშირ ღიმილს შეუძლია უფრო ჯანმრთელი გაგვხადოს, მოახდინოს ჩვენი სტრესის რედუცირება ისეთი ჰორმონების გამოყოფით, როგორიცაა კორტიზოლი და ადრენალინი. (Beamish, 2019)

ადამიანები ხშირად განიცდიან ემოციებს, რომლებსაც ვერ არქმევენ სახელებს. სწორედ ამიტომ შექმნა ჯონ კონიგმა ლექსიკონი „The Dictionary of Obscure Sorrows” – რომელიც თავს უყრის ჩვენთვის დაუსათაურებელ ემოციებს. პირადად ჩემთვის, ერთ-ერთი საინტერესო სიტყვა არის Sonder, რომელსაც ქართული დეფინიცია სამწუხაროდ ჯერ არ აქვს. ამ სიტყვის განმარტებიდან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ვართ ჩვენი ცხოვრების მთავარი პერსონაჟები, სხვები უბრალოდ დამატებითი ფიგურები არიან. ეს ლექსიკონი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, თუ რაოდენ მრავალფეროვანი, განსხვავებული და უნიკალური ემოციები აქვთ ადამიანებს.

კიდევ ერთი უნივერსალური ემოციის გამოხატულება, რომელსაც მინდა შევეხო, არის – ბრაზი – ის ყველასთვის ნაცნობი და საერთოა. ხშირად გვესმის ადამიანებისგან – „საშინლად ვბრაზობ მათზე, ვინც საღეჭ რეზინს ხმამაღლა ღეჭავს“, „ჩემში ბრაზის გრძნობას იწვევენ ისინი, ვინც ჩემ წინ მიმავალ გზაზე ნელა მიდის“ ან „ვბრაზობ მოქალაქეებზე, რომლებიც გარემოზე არ ზრუნავენ“.  ბრაზის ემოცია, იქნება თუ არა ის კავშირში კომპლექსურ პრობლემასთან, შეგვიძლია განვიხილოთ რამდენიმე საერთო თემით – გვაბრაზებს უსამართლობის გრძნობა, სადაც ჩვენი მიზნები დაბლოკილია, ეს კი გვტოვებს უძლურს. ბრაზის გრძნობა არ ხდება ვაკუუმში – ანუ ბრაზის გრძნობასთან ერთად შეიძლება ვიგრძნოთ შიში, სევდა და სხვა ემოციები.  როცა ბრაზის გამოხატვასთან გვაქვს საქმე, შეგვიძლია ის უფრო პრუდუქტულად გადავაკეთოთ. ხშირად მოგვისმენია, როცა ადამიანი ბრაზობს ურჩევენ დაისვენოს, დაწყნარდეს, ეს ცუდია და მისი გრძნობა არასწორია. ამის მაგივრად, ჯობია ხედვა შევცვალოთ და გავიაზროთ, რომ უკეთესია ბრაზი მოტივაციად გარდავქმნათ. როგორც წყურვილი გვიბიძგებს დავლიოთ წყალი, ჩვენს ბრაზს შეუძლია მოტივაცია მოგვცეს უსამართლობას გავუმკლავდეთ. ბრაზის მოტივაციად გარდაქმნა, მისი გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ხერხია.

 

ამგვარად, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემოციები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც გვესმის – როგორ იმოქმედებს ცხოვრებისეული გამოცდილება ჩვენს შესაძლებლობებზე გამოვხატოთ და ვიგრძნოთ ემოცია? ისევე როგორც გოგონას სჭირდებოდა ვინმე, რომ ორცხობილების გარეშე დარჩენით გამოწვეული სევდა გაეზიარებინა, ისე გვჭირდება ყველას ადამიანი, რომელიც ჩვენს გრძნობებს გაიზიარებს, ჩვენს ემოციებს მიიღებს და გვაგრძნობინებს, რომ ჩვენს გვერდით არის.

 

ბიბლიოგრაფია

Harker, L., & Keltner, D. (2001). Expressions of positive emotion in women’s college yearbook pictures and their relationship to personality and life outcomes across adulthood. Journal of personality and social psychology80(1), 112

Abel, E. L., & Kruger, M. L. (2010). Smile intensity in photographs predicts longevity. Psychological Science21(4), 542-544

Beamish, A. J., Foster, J. J., Edwards, H., & Olbers, T. (2019). What’s in a smile? A review of the benefits of the clinician’s smile. Postgraduate medical journal95(1120), 91-95.

https://www.ted.com/talks/arturs_miksons_the_benefits_of_expressing_your_emotions_constructively/transcript

https://www.ted.com/talks/john_koenig_beautiful_new_words_to_describe_obscure_emotions?referrer=playlist-what_are_emotions

https://www.ted.com/talks/ryan_martin_why_we_get_mad_and_why_it_s_healthy

https://www.ted.com/talks/ron_gutman_the_hidden_power_of_smiling#t-54911

 

სტატიაზე იმუშავა : ნატალი მაღრაძემ