ემოციების გავლენა ჩვენს აღქმაზე

რატომაა, რომ ზოგჯერ ჩვენი მეზობლის სახის გამომეტყველებაც კი ჩვენში გაღიზიანებას იწვევს, მეორე დღეს კი იგივე ადამიანი იმდენად უზომოდ სასიამოვნო გვეჩვენება, რომ დიდი სიამოვნებით ნამცხვარზეც კი ვეპატიჟებით? ან, თუნდაც, უეცრად რატომ გვეჩვენება მუსიკა, რომელსაც ყოველდღიურად ვუსმენდით შედარებით უფრო სევდიანი? ცხადია, ყოველი ადამიანი სამყაროს განსხვავებულად აღიქვამს, მაგრამ აქვე ისიცაა საინტერესო, რომ ერთი ადამიანის სამყაროს აღქმაც არაა დროში სტაბილური. ჩვენი გუნება, ხასიათი დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს. მწუხარება ან ბედნიერება არ არის უბრალოდ ემოციური გამოცდილება, ეს ემოციები ცვლიან ჩვენს მიერ სამყაროს აღქმის სტილს (Whltbourne, 2016).

  რა განსხვავებაა დადებითი და უარყოფითი გუნების მქონე ადამიანებს შორის? პირველ რიგში, ბარბარა ფრედრიკსონის „გაფართოებისა და შენების (broaden and build)“ თეორია განვიხილოთ. თეორიის თანახმად, ისეთი დადებითი ემოციები, როგორებიცაა- ბედნიერება, ინტერესი, კმაყოფილება, სიამაყე და სიყვარული, უფრო ფართოდ და გლობალურად აზროვნების საშუალებას გვაძლევენ. ადამიანის აზროვნებისა და ქმედების რეპერტუარი უფრო თავისუფალი და ფართო ხდება. დადებითი ემოციები გვიბიძგებენ- თამაშისკენ, აღმოჩენისკენ, გაზიარებისკენ, წარმოსახვასა და კრეატიულობისკენ. ამისგან განსხვავებით, უარყოფითი ემოციები ავიწროვებენ ჩვენს აზროვნებისა და ქმედების რეპერტუარს. მაგალითად, შიში გვიბიძგებს კონკრეტული ქცევისკენ- ეს შეიძლება იყოს გაქცევა, თავის არიდება, თავდასხმა. ცხადია, შეშინებულ ადამიანს „არ სცალია“ სამყაროს ტკბობისთვისა და კრეატული იდეების გენერირებისთვის, მისი ერთადერთი სურვილი საკუთარი თავის დაცვაა (Fredrickson, 2001).

   მეცნიერების აზრით, დადებითი ემოციები ხელს გვიწყობს გარე სამყაროზე ფოკუსირებაში, სხვა სიტვებით ჩვენი ყურადღება მიმართული ხდება გარე ფაქტორებზე. სწორედ ამიტომ, უფრო ხშირად ვამჩნევთ ლამაზ ცას, ჩვენი მეგობრის ახალ ვარცხნილობას ან ქუჩიდან შემოსულ ყავის სასიამოვნო სურნელს მაშინ, როდესაც კარგ განწყობაზე ვართ. კარგ გუნებაზე მყოფ ადამიანს შეუძლია გააკონტროლოს საკუთარი ყურადღება და გადაიტანოს იგი, როგორც გარეგან სტიმულებზე, ასევე შინაგანზეც (მაგალითად, საკუთარ განცდებზე). საპირისპიროდ, უარყოფითი ემოციების მქონე პირები მიდრეკილნი არიან ფოკუსირდნენ მხოლოდ შინაგან ფაქტორებზე- საკუთარ განცდებზე, ემოციებსა და ფიქრებზე (Vanlessen, De Raedt, Koster, & Pourtois, 2016). იმის გასაგებად, თუ რატომ ხდება ასე უნდა მივმართოთ ნეირომეცნიერებას. საქმე იმაშია, რომ ტვინის ორი სისტემა: ლიმბური სისტემა (პასუხისმგებელია, ძირითადად, საბაზისო ემოციებზე) და კორტექსი (პასუხისმგებელია, უმაღლეს სააზროვნო პროცესებზე) ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. კონკრეტული ემოცია ააქტიურებს კორტექსის იმ არეებს, რომლებიც საჭიროა მოცემული პრობლემის გადასაჭრელად. დადებით ემოციის შემთხვევაში ადამიანს ეძლევა საშუალება აირჩიოს ტვინის საჭირო  არე- რომელიც ხელს შეუწყობს გარეგან ან შინაგან ფაქტორებზე კონცენტაციაში. ამისგან განსხვავებით უარყოფითი ემოციის შემთხვევაში ტვინის ის არეა აქტიური, რომელიც კონცენტრირდება უშუალოდ შინაგან სტიმულებზე (Vanlessen, De Raedt, Koster, & Pourtois, 2016).

  საინტერესოა, რომ სევდიან განწყობაზე მყოფი პირები უფრო ანალიტიკურად უდგებიან პრობლემას და უფრო ფრთხილად იღებენ გადაწყვეტილებებს. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება კვლევა, რომელს შედეგების თანახმად, უარყოფითი ემოციები ამცირებენ სხვადასხვა აღქმითი ილუზიის ეფექტს. აღსანიშნავია, ჰერმან ებინგჰაუზის ვიზუალური ილუზია, სადაც წრე მოჩანს უფრო მცირე ზომის მაშინ, როდესაც შემოსაზღვრულია უფრო დიდი დიამეტრის მქონე წრეებით, ვიდრე  იმ შემთხვევაში, თუ იგივე წრე შემოსაზღვრულია შედარებით უფრო მცირე დიამეტრების მქონე წრეებით. აღმოჩნდა, რომ სევდიანი გუნების მქონე მონაწილეებში მოცემული ილუზია კარგავდა თავის ეფექტს- მონაწილეები უფრო მკაცრად აფასებდნენ გამოსახულებას და  მარტივად ხვდებოდნენ, რომ წრეები იდენტური ზომის იყვნენ(Avramova, Stapel, & Lerouge,2010).

   ემოციები დიდ გავლენას ახდნენ ჩვენს ცხოვრებაზე. ემოციასა და გუნებაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს, რას ვაქცევთ ყურადღებას, რას ვიმახსოვრებთ და საბოლოოდ როგორ ვიქცევით. გუნება განაპირობებს მომავლის წინასწარმეტყელების სპეციპიკასაც. მაგალითად, დეპრესიაში მყოფი ადამიანი უფრო ზუსტ პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებს, მაგრამ ნაკლები სიზუსტით გამოირჩევა დადებითი მოვლენების წინასწარმეტყველებისას. საპირისპირო შედეგი დაფიქსირდა ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანებში (Shrauger, Mariano, & Walter, 1998). მაგალითად, ოპტიმისტურად განწყობილმა ადამიანმა შეიძლება სათანადოდ ვერ შეაფასოს თავისი მოგების შანსები კარტის თამაშისას და შედეგად დიდი ფულიც წააგოს. ამის საპირისპიროდ, დეპრესიულმა ადამიანმა შეიძლება თავი შეიკავოს მომხიბვლელ უცნობთან დალაპარაკებისგან, ვინაიდან ჩათვალოს, რომ მას აუცილებლად უარით გაისტუმრებენ. აქედან ჩანს, რომ ჩვენი ცხოვრების უდიდესს ნაწილს ჩვენი ემოციები აკონტროლებენ. საინტერესოა, რამდენად შეიცვლებოდა ჩვენი ცხოვრება ცოტა უფრო ხშირად რომ გვეკითხა საკუთარი თავისთვის- ეს მართლა ასეა, თუ საქმე ჩემს ემოციებშია?

 

გამოყენებული ლიტერატურა

Whltbourne, S. K. (2016, November 15). Neuroscience Research Shows How Mood Impacts Perception. Psychology Today. https://www.psychologytoday.com/us/blog/fulfillment-any-age/201611/neuroscience-research-shows-how-mood-impacts-perception?fbclid=IwAR3S_nvpZ_U5NzLGbEKY6pKZ9jhThoQ0v_BiEWcgzszNGtGbmfg_HqIA0zY

Fredrickson, B. L. (2001). The role of positive emotions in positive psychology: the broaden-and-build theory of positive emotions. American psychologist56(3), 218.

Avramova, Y. R., Stapel, D. A., & Lerouge, D. (2010). Mood and context-dependence: Positive mood increases and negative mood decreases the effects of context on perception. Journal of personality and social psychology99(2), 203-214.

Vanlessen, N., De Raedt, R., Koster, E. H., & Pourtois, G. (2016). Happy heart, smiling eyes: a systematic review of positive mood effects on broadening of visuospatial attention. Neuroscience & Biobehavioral Reviews68, 816-837.

Shrauger, J. S., Mariano, E., & Walter, T. J. (1998). Depressive symptoms and accuracy in the prediction of future events. Personality and Social Psychology Bulletin24(8), 880-892.

 

სტატიაზე იმუშავა – თამარ ქავთარაძემ