კრეატიულობა და მისი კავშირი ბედნიერებასთან

ტერმინი კრეატიულობის განსაზღვრა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული – ის სხვადასხვა სპეციფიკას იძენს იმის მიხედვით, თუ რომელი სფეროს წარმომადგენელი იყენებს მას. (მაგალითად, თუ ბიოლოგიური პარადიგმის წარმომადგენელი იყენებს, კრეატიულობას საფუძვლად ფიზიოლოგიური ქცევები დაედება.) თუმცა, თუ ყველასთვის საერთო განმარტებაზე გვინდა დავიყვანოთ, ვიტყვით რომ კრეატიულობა უნარია შემოიტანო რაიმე ახალი, უნიკალური და ღირებული სამყაროში.

ძირითადი საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო – არის თუ არა კრეატიულობა კავშირში ბედნიერებასთან? ფრიდა კალომ თქვა : „მე არ ვარ ავად, მე ვარ შინაგანად გამტყდარი. თუმცა ბედნიერი ვარ მანამ, სანამ შემიძლია ხატვა“. ეს სიტყვები მანდ წარმოთქვა ნახატ „დაბადების“ დასრულების შემდეგ, სადაც ჩააქსოვა ყველა გრძნობა, რაც რამდენიმე მუცლის მოშლამ და დედის გარდაცვალებამ გამოიწვია. მან სწორედ კრეატიულობის დახმარებით შეძლო და ტკივილი ხელოვნების ნიმუშად აქცია.

შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვა ადამიანებს აძლევს საშუალებას შეისწავლონ საკუთარი „მე“, იაზროვნონ კრიტიკულად, განივითარონ კომპეტენცია და შექმნან ახალი ინტერპერსონალური ურთიერთობები. ამასთანავე, დადგენილია კავშირი კრეატიულობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის. (Enayati, 2012) ეს ხალხს ბედნიერებას, ნაკლებ შფოთვას, გამძლეობასა და პრობლემის გადაჭრის უკეთეს უნარებს უვითარებს. ჩვენი მცდელობა ვიყოთ მეტად კრეატიულები, ჯანსაღ ცხოვრების სტილსაც გაგვავითარებინებს. მისი დახმარებით მოვახერხებთ აწმყოზე ორიენტირებას და ჩვენი დარდისგან თავის დაღწევას, ემოციების გამოხატვას.

ტორენსი (Ellis Paul Torrance) გვთავაზობს კრეატიულობის 4 განზომილებას: (Torrance, 2002)

  1. სიხშირე (fluency) – სტიმულის საპასუხოდ წარმოქმნილი, ინტერპრეტირებული იდეების საერთო რაოდენობა.
  2. მოქნილობა (flexibility) – სხვადასხვა კატეგორიის შესაბამისი პასუხების რაოდენობა
  3. ორიგინალურობა (Originality) – პასუხების განსხვავებულობა, სტატისტიკური იშვიათობა.
  4. შემუშავება (elaboration) – იდეების შემუშავების, განვითარების და შემდეგ მათი განხორციელების უნარი.

ეს ოთხი კრიტერიუმი გვეხმარება უკეთ წარმოვიდგინოთ კრეატიულობის ის დეტალები, რაც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. უმეტეს ჩვენთაგანს სურს შესთავაზოს მსოფლიოს რაიმე ისეთი, რასაც სამყარო მნიშვნელოვნად და კარგად ჩათვლის. სწორედ ესაა კრეატიულობა – როცა შეგვიძლია უშიშრად გამოვხატოთ ისეთი შეხედულება, რაც განსხვავებული, უნიკალური და მოქნილია (ტორენსზე დაყრდნობით). „თუმცა მსოფლიო ძალიან არასანდო კრიტიკოსია“ – ამბობს მსახიობი ითან ჰოკი. მისი აზრით, დღესდღეობით ბევრი ადამიანი არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას იყოს კრეატიული, ცდილობს ჩაჯდეს მსოფლიოს ჩარჩოებში, ეშინია გამოხატოს საკუთარი თავი. ის თვლის, რომ სინამდვილეში, იყო კრეატიული, ძალიან მარტივია, უბრალოდ უნდა შევძლოთ შევიცნოთ ჩვენი თავი. ბილიკი არ იქნება მანამ, სანამ არ გავივლით პირველად. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით კრეატიულობა ყველა ადამიანს შეიძლება ახასიათებდეს. ბევრი ფიქრობს, რომ მისი კრეატიულობა ახლოსაც ვერ მივა, მაგალითად უოლტ დისნეისთან, რომელმაც პატარა ბავშვებს საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა დაუვიწყარი ანიმაციების შექმნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემოქმედება არ ეხება მხოლოდ რევოლუციურ იდეებს. ადამიანი, რომელიც მონახავს დროს რომ იპოვოს ჰობი, დაუკრას რამე საკრავზე – კრეატიულობის იგივე ეფექტს ავლენს. შემოქმედება ყველასთვისაა და ის ყოველდღიურ ცხოვრებაში აღმოცენდება

ელის აისენმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომედიურმა ფილმმა და პატარა ტკბილეულის მიღებამ კრეატიული ამოცანის ამოხსნის ხარისხი გააუმჯობესა. (Alice M. Isen, 1987) დასკვნის სახით კი შემოგვთავაზა, რომ პოზიტიური გავლენა ხელს უწყობს კრეატიული პრობლემების მოგვარებას. არ არის რთული ვაგრძნობინოთ ადამიანს თავი კარგად, მივცეთ მოტივაცია რომ უკეთეს შედეგს მიაღწიოს. ამისთვის, კვლევის მიხედვით, ხანდახან ტკბილეულიც კი საკმარისია.

საბოლოო ჯამში, უნდა გვახსოვდეს, რომ კრეატიულობის გამოხატულება ყველას ინდივიდუალური აქვს – ზოგისთვის ეს რვეულის ბოლო გვერდზე ჩანახატის გაკეთებაა, ზოგისთვისაც კი – სრულიად ახლებური ტექნოლოგიის გამოგონება. თუ ჩვენ გვინდა ადამიანებში კრეატიულობა გამოვაღვიძოთ, ელის აისენის მოსაზრებაზე დაყრდნობით, მათში დადებითი ემოციები უნდა გამოვიწვიოთ, ეს სამომავლოდ ბედნიერების განცდას დაბადებს.



სტატიის ავტორი: ნატალი მაღრაძე 

 


 ბიბლიოგრაფია:
 

Alice M. Isen, K. A. (1987). Positive Affect Facilitates Creative Problem Solving. Journal of Personality and Social Psychology, 1122-1131.

Enayati, A. (2012). A Creative Life Is a Healthy Life. CNN.com.

Torrance, E. P. (2002). The Manifesto: A guide to developing a creative career. Greenwood Publishing Group, 33-35.

https://www.ted.com/talks/ethan_hawke_give_yourself_permission_to_be_creative/transcript#t-521341


თარიღი – 04.08.2021