კომფორტის ზონა და სტრესი

  სოციალურ ქსელებში ხშირად მინახავს სხვადასხვა ლამაზ ფონზე დატანილი წარწერა- „ცხოვრება თქვენი კომფორტის ზონის ზღვარს იქით იწყება“. ძალიან რთულია შთაგაგონოს ისეთმა სიტყვებმა, რომელთა აზრსაც სრულიად ვერ სწვდები, ეგრევე ჩნდება კითხვები: რა არის კომფორტის ზონა? სად არის მისი ზღვარი? იწყება კი ცხოვრება კომფორტის ზონის ზღვარს იქით?

 კომფორტის ზონა არის უსაფრთხო სივრცე, რომელიც არ მოიცავს რისკს, თუმცა არც შინაგან, პიროვნულ ზრდას განაპირობებს. კომფორტის ზონა არ არის ფიზიკური სივრცე, რომელსაც უშუალოდ ვხედავთ და ვეხებით, ის მენტალური კონცეპტია და მოიცავს ჩვენთვის ნაცნობ ქცევებს, აქტივობებს, აზრებსა და იდეებს (Delgado, 2021). კომფორტის ზონის მნიშვნელობის უკეთ გასაგებად განვიხილოთ შემთხვევა:

  თქვენი მეგობრები ამზადებენ საბუთებს საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად, თქვენც არანაკლებ ნიჭიერი და მონდომებული სტუდენტი ხართ, თუმცა უცხო, ახალი გარემოს შიშით შეპრყობილს ამჯობინებთ ეს შესაძლებლობა ”როგორმე სხვა დროს“  ან საერთოდ არ გამოიყენოთ. როგორც ხედავთ, მოცემულ სიტუაციაში,  კომფორტის ზონა ნაცნობი სასწავლო და საცხოვრებელი გარემოა. სიახლე და გაურკვევლობა იწვევს შფოთვას, რომლის დაძლევაცაა აუცილებელი ახალი ცოდნის, გამოცდილების მისაღებად. საქმე იმაშია, რომ გასული საუკუნის დასაწყისში მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ შფოთვის ოპტიმალური რაოდენობა იწვევს დავალების შესრულების ხარისხის ზრდას. 1908 წელს ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად იერკსმა და დოდსონმა აღმოაჩინეს, რომ გარკვეული ინტენსივობის ელექტროშოკის დარტყმისას თაგვები უფრო მოტივირებულნი ხდებოდნენ შეესრულებინათ დავალება. ზედმეტად მაღალი ინტენსივობის ელექტროშოკის პირობებში შედეგი სრულიად საწინაამღდეგო იყო (Yerkes, & Dodson, 1908).

 რას განიცდის უცხო ხალხთან წვეულებაზე მოხვედრილი ადამიანი, რომელიც შეჩვეულია დროის ტარებას მეგობრების ახლო წრეში? პირველივე სიტყვა, რომელიც ამ კითხვაზე საპასუხოდ მახსენდება არის სტრესი- ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური პასუხი შინაგან ან გარეგან გამღიზიანებელზე (VandenBos, 2007). როგორც წესი, სტრესი უარყოფით ასოციაციებს იწვევს და საზოგადოების მიერ მხოლოდ უარყოფით კონტექსტშია განხილული. თუმცა, ორგანიზმის ეს მდგომარეობა ხელს გვიწყობს ყურადღების მობილიზაციასა და პოტენციალურ საშიშროებაზე რეაგირებაში. ამასთან ერთად მეხსიერბასაც აუმჯობესებს (Jaret, 2015). სტრესში მყოფი ადამიანი ღებულობს ახალ გამოცდილებას და სწავლობს მოცემული პრობლემის გადაჭრის გზებს. აქედან გამომდინარე, კომფორტის ზონიდან, ანუ ჩვეული რუტინიდან, გამოსვლა, გვიბიძგებს ახალი ცოდნის შეძენისკენ და მომავალში უკვე კომფორტის ზონის გაფართოვებისკენ. მაგალითად, წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელსაც აქვს საჯაროდ სიტყვით გამოსვლის შიში, მაგრამ ძალიან უნდა მიიღოს მონაწილეობა კომფერენციაში, და თავისი იდეები გაუზიაროს კოლეგებს. ცხადია, მისი პირველი გამოსვლა გამოიწვევს შფოთვას და სტრესს. თუმცა, მალევე მსგავსი ღონისძიებები ჩვენი პერსონაჟისთვის საკმაოდ კომფორტული გახდება, ანუ მისი კომფორტის ზონაც გაფართოვდება, ის შეიძენს ახალ ცოდნას და გამოცდილებას, გამოავლენს თავის პოტენციალსაც და მზად იქნება ახალი გამოწვევებისთვის. კომფორტის ზონის გაფართოვება ნიშნავს განვითარებას, ზრდას. ადამიანი, რომელიც მუდამ „მოსვენებულ მდგომარეობაშია“, თითქმის არასდროს აწუხებს სტრესი, შეიძლება განიცდიდეს სტაგნაციას (უძრაობას), ვერ ვითარდებოდეს.

   ახლა საკითხს სხვა მხრიდან შევხედოთ. კომფორტის ზონის გაფართოვება, არ უნდა იქცეს ქრონიკულ სტრესად. ორგანიზმის ამ მდგომარეობის დადებით მხარეებზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გადამეტებული სტრესი მნიშვნელოვნად აზიანებს ადამიანის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, იწვევს ტვინის ზომის შემცირებას- პრეფრონტალური კორტექსის შემცირება განაპირობებს პრობლემებს გადაწყვეტილების მიღების, სოციალური ინტერაქციისა და კონცენტრაციის კუთხით (Murgia, 2015).

 ისევ ვუბრუნდებით იერკსისა და დოდსონის ექსპერიმენტს- სტრესი, მხოლოდ გარკვეული რაოდენობითაა სასარგებლო. ის უნდა იძლეოდეს ზრდას, ახალ გარემოსთან ადაპტაციის, შეგუებისა და გამოცდილებიდან სწავლის შესაძლებლობას. კომფორტის ზონიდან გამოსვლით გამოწვეული დისკომფორტი სასურველია იყოს შთამაგონებელი და არა დამთრგუნველი.

 საბოლოოდ, რა არის „კომფორტის ზონის ზღვარს იქით?- ახალი გამოცდილება, კრიტიკული აზროვნება და შემოქმედობითობა, თუმცა აქვე ვხვდებით სტრესს, სიახლის და გამოუცდელობის მიმართ შიშს. სასურველია ვისწავლოთ საკუთარი თავის დაყენება კომფორტის ზღვარს იქით, რათა შევიძინოთ ახალი გამოცდილება და გამოვავლინოთ საკუთარი თავის სრული პოტენციალი, აქვე უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ არ არის აუცილებელი მუდმივად ახალი გამოწვევების მიღება, ზოგჯერ კომფორტის ზონის „აქეთაც“ უნდა დავდგეთ, რათა დავისვენოთ, აღვიდგინოთ ძალები, სრულვყოთ უკვე ნასწავლი და უფრო დიდი შემართებით გავნაგრძოთ ახალი გამოცდილებების ძიება.

 გამოყენებული ლიტერატურა:

Delgado, J. (2021). What is the Comfort Zone – and what’s not?. Psychology Spot. https://psychology-spot.com/comfort-zone/

Yerkes, R. M., & Dodson, J. D. (1908). The relation of strength of stimulus to rapidity of habit-formation. Punishment: Issues and experiments, 27-41.

VandenBos, G. R. (Ed.). (2007). APA Dictionary of Psychology. American Psychological Association.

Jaret, P. (2015, October 20). The Surprising Benefits of Stress. Greater Good Magazine. https://greatergood.berkeley.edu/article/item/the_surprising_benefits_of_stress

Murgia, M. (2015, November 9). How stress affects your brain. Ted-ed. https://www.youtube.com/watch?v=WuyPuH9ojCE


ისტატიაზე იმუშავა – თამარ ქავთარაძემ.