ყურადღება, როგორც სოციალური ქსელების სამიზნე ობიექტი

ალბათ, მომდევნო დღისთვის  ერთხელ მაინც გადაგიდიათ მნიშვნელოვანი საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიმე სოციალურ ქსელში აზრსმოკლებული ვიდეოების ან უცხო ადამიანების ფოტოების „სქროლვამ“ გაგიტაცათ. შეიძლება მნიშვნელოვანი საქმის შესრულებაზე არ გითქვამთ უარი, მაგრამ იმას მაინც ვერ დამაჯერებთ, რომ ამ მიზეზით ჩვეულებრივზე გვიან, ერთხელ მაინც არ წასულხართ დასაძინებლად. ეს სავსებით ნორმალურია. მეტიც, სანამ მოცემული სტატიის წერას დავიწყებდი რამდენიმე დღე ვითრევდი ფეხს და მიზეზად დაღლილობას ან დროის უკმარისობას ვასახელებდი, მაშინ, როდესაც სინამდვილეში ერთი სოციალური ქსელიდან მეორეში გადასვლასა და უკლებლივ ყველა შეტყობინების შემოწმებას ვერ ავუდიოდი. და მაინც, რატომ ხდება ასე? რატომ ვერ ვშორდებით კონკრეტულ სოციალურ ქსელს მაშინაც, როდესაც ვიცით, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი?

 

ზემოთ დასმულ კითხვებზე პასუხი ისეთი ქსელების სპეციფიკურ ბუნებაში იმალება, როგორიცაა: “Twitter”; “Facebook”; “Instagram”, Tik-tok”;  “SnapChat” და სხვა. ისინი ყოველ დღე მომხმარებლის ყურადღების საკმაოდ დიდ რაოდენობას მოიხმარენ (Joseph et al. 2019). გაღვიძებიდან დაძინებამდე, მიუხედავად იმისა თუ სად და ვისთნ ერთად ვართ, თითოეული ჩვენგანი დღეში საშუალოდ რამდენიმე საათს ხარჯავს ინტერნეტში. დროდადრო ვამოწმებთ მოგვივიდა თუ არა შეტყობინება „Facebook”-ზე, ატვირთა თუ არა ჩვენმა “Instagram” მეგობარმა ახალი ფოტო, რაიმე საინტერესო და საკამათო ხომ არ „დაუპოსტავს“ რომელიმე ცნობილ პიროვნებას “Twitter”-ზე და ა.შ. ასეა თუ ისე, ეს მოცემულობა ყველა ჩვენგანისთვის თუ არა, უმეტესობისთვის მაინცაა ნაცნობია. მართალია, მოცემული პათოსის ავ-კარგობის შეფასება შეუძლებელია, მაგრამ  ფაქტი  მაინც ფაქტად რჩება, სოციალური ქსელები გვთავაზობს აქამდე წარმოუდგენელ, უნიკალურ გამოცდილებებს და საშუალებას გვაძლევს დავამყაროთ კომუნიკაცია ახალი სრულად განსხვავებული სახით (Gangi & Wasko, 2016).

 

სოციალური ქსელების ინტენსიური მოხმარება შეიძლება არაერთ მნიშვნელოვან ფაქტორს მივაწეროთ. შეიძლება ეს იმის ბრალია, რომ სოციალურმა ქსელებმა უამრავი სფერო მოიცვა და უფრო ხელმისაწვდომი გახადა ისინი, იქნებ საინტერესო „კონტენტის“ სიჭარბეაა ამის მიზეზი? შეიძლება, სულაც არ არის კონტენტის რაოდენობა და ბუნება მნიშვნელოვანი და ჩვენ უბრალოდ მათი ხარისხი გვიზიდავს.  ერთი შეხედვით, ჩამოთვლილი მიზეზები ძალიან ლოგიკურია იმის ასახსენალდ თუ რატომ ვუთმობთ ამდენ დროს სოციალურ ქსელებს. მაგრამ რა იქნება თუ გეტყვით, რომ სოციალური მედიის მიერ ჩვენი ყურადღების მიპყრობისა და შეჩერების მიზეზი არა მხოლოდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის რაოდენობისა და ხარისხის, არამედ თავად სოციალური ქსელების აგებულების, სტრუქტურის ბრალია?  (Joseph et al. 2019). დიახ, სოციალური ქსელების პრიორიტეტული მიზანია მიიქციოს და შეაჩეროს მომხმარებლის ყურადღება. მეტიც, ნებისმიერი ონლაინ აპლიკაციისა თუ სოციალური ქსელის წარმატება დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენად კრეატიული, ინოვაციური ან საინტერესოა იგი, არამედ იმაზე თუ რამდენად შეუძლია მომხმარებლის ყურადღების მიქცევა და შეჩერება. ამდენად, სოციალური ქსელები, ასე ვთქვათ, ევოლუციონირდებიან. ის ქსელები, რომლებიც ახერხებენ მომხმარებლის ყურადღების მიქცევას და გამოყენების მარტივი გზების შემუშავებას, წარმატებით ევოლუციონირდებიან, ხოლო ისინი, რომლებიც ამ ყველაფერს ვერ უმკლავდებიან გაქრობისთვის არიან განწირულნი (Joseph et al. 2019).


და მაინც, როგორ იქცევენ და აჩერებენ სოციალური ქსელები ჩვენს ყურადღებას?

 

როგორც უკვე აღვნიშნე, სოციალურმა ქსელებმა შემოგვთავაზა კომუნიკაციის  აქამდე წარმოუდგენელი, ინოვაციური გზები, იქნება ეს ფოტო-ვიდეო მასალის გაცვლა, ვიდეო კამერით დაკავშირება კილომეტრებით დაშორებულ ადამიანთან თუ უბრალოდ შეტყობინების გაგზავნა. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ კომუნიკაციის ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები და ის მინიმალური დრო, რომელიც ამ პროცესს სჭირდება უმნიშვნელოვანესი და ძალიან ეფექტურია, მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ არაფერია უფასო. ყოველი სიკეთის მისაღებად, სანაცვლოდ, რაღაცის გაცემაა საჭირო. არც სოციალური ქსელებია გამონაკლისი. მეტიც, ამ უკანასკნელთა მიერ შემოთავაზებული სიკეთეების საფასური ძალიან მაღალია. Paasonen-ის (2018) მიხედვით მიღებული სიკეეთეების სანაცვლოდ მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ყურადღება, დრო და მონაცემები. რას გულისხმობდა  Paasonen-ი ამაში?

 

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოკლედ მიმოვიხილოთ კონკრეტულ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებისა და მასში აქტიურობის პროცესი. ისეთ სოციალურ ქსელებში რეგისტრაციისას, როგორიცაა, “Twitter”; “Facebook”; “Instagram”, Tik-tok”; “Snap chat” და მისთანანი, აპლიკაცია ან ვებგვერდი გვთხოვს წვდომას კონტაქტებთან, კამერასთან, მიკროფონთან და სხვადასხვა მნიშვნელოვან ფაილთან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გვაძლევენ ამ მოთხოვნაზე უარის თქმის საშუალებას, ეს მხოლოდ ილუზიაა,  არჩევანი არ არსებობს. უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვერ შეძლებს აპლიკაციის პოტენციალის სრულად გამოყონებას და ისეთი ფუნდამენტური (ყველაზე მნიშვნელოვანი) ფუნქციების გამოყენებას, როგორიცაა ფოტოს ან ვიდეოს გაგზავნა, დარეკვა, ხმოვანი შეტყობინების გაგზავნა და ა.შ. ამდენად ადრე თუ გვიან მომხმარებელი ვალდებული ხდება მიიღოს ქსელის მოთხოვნა და მისცეს პირად მონაცემებზე სრული წვდომა. აღსანიშნავია, რომ გარდა ამ უმნიშვნელოვანესი მონაცემებისაა, სოციალური ქსელები სრულად აკონტროლებენ მომხმარებელთა აქტივობას: მოწონებულ ფოტოებს, გაგზავნილ შეტყობინებეს, დაწერილ სტატუსებს და ა.შ.  მთელი ეს ინფორმაცია კომპანიებს (რომლებიც, ბუნებრივია, სოციალური ქსელების სათავეში დგანან) საშუალებას აძლევს მაქსიმალური რაოდენობის ინფორმაცია მიიღონ მომხმარებლისგან და თავის სასიკეთოდ გამოიყენონ ის. ერთი სიტყვით, კომპანიებს ეძლევათ საშუალება გააანალიზონ ეს წარმოუდგენელი რაოდენობის პირადი ინფორმაცია და გმოავლინონ მომხმარებელთა ინტერესის სფეროები.  შესაბამისად, მივცემთ რა სოციალურ ქსელებს პირად ინფორმაციაზე წვდომის უფლებას, მათ უკვე იციან როგორი მუსიკა გვიზიდავს, რა სახის ინფორმაციის კითხვა გვიყვარს, რომელი ფერები გვაგრძნობინებს თავს კომფორტულად,  როგორი შინაარსის ფოტოებს ვანიჭებთ უპირატესობას და ა.შ. ეს  ნიშნავს იმას, რომ ანკესზე წამოვეგეთ, სოციალურმა ქსელებმა იციან როგორ მიიქციონ ჩვენი, როგორც, არა უბრალო მომხმარებლის, არამედ ინდივიდის ყურადღება და როგორ გაგვატარებინონ მეტი დრო „ონლაინ“.

 

ამდენად,  როგორც უკვე მივხვდით, ალტრუიზმი სოციალური ქსელების ერთ-ერთი მახასიათებელი ნამდვილად არ არის. ყველა იმ სიკეთის სანაცვლოდ, რომელსაც მათგან ვიღებთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი საფასურის გადახდა გვიწევვს. თუმცა, მივცემთ თუ არა სოციალურ ქსელებს ჩვენი ყურადღების ამდენად დიდი რაოდენობით შთანთქვის უფლებას, თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალური არჩევანია.

 

 

 

ლიტერატურა:

 

  • Di Gangi, P. M., & Wasko, M. M. (2016). Social media engagement theory: Exploring the influence of user engagement on social media usage. Journal of Organizational and End User Computing (JOEUC)28(2), 53-73.
  • Firth, J., Torous, J., Stubbs, B., Firth, J. A., Steiner, G. Z., Smith, L., … & Sarris, J. (2019). The “online brain”: how the Internet may be changing our cognition. World Psychiatry18(2), 119-129.
  • Paasonen, S. (2018). Affect, data, manipulation and price in social media. Distinktion: Journal of social theory19(2), 214-229.

 

 

სტატიაზე იმუშავა – ავთო ხელიძემ