ხელოვნური ინტელექტი და მისი შესაძლებლობები

ჩვენ ყველანი ტექნოლოგიურ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც არსებული განვითარების წარმოუდგენელმა ტემპმა უკვე იმდენად მიგვაჩვია ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და გამოგონებებს, რომ ბევრი რამ უკვე აღარც გვიკვირს და უმალ ვიწყებთ მათ აქტიურ გამოყენებას. სულ რაღაც 10 წლის წინ, სმარტფონი და მისი შესაძლებობები ბევრი ადამიანისათვის გასაოცარი და წარმოუდგენელი იყო, ხოლო დღეს ადამიანი, სმარტფონისა და ინტერნეტის გარეშე იმაზე კიდევ უფრო წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ ხშირად ისმის კითხვა – რა იქნება მომავალში? როგორ განვითარდება სამყარო?

ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მწვერვალად, თამამად შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტი დავასახელოთ, რომელსაც წარმოუდგენლად დიდი სახის ინფორმაციის, უმცირეს დროში დამუშავებისა და გაანალიზების შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, თანამედროვე ხელოვნული ინტელექტის ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ გარკვეული ეტაპების შემდეგ ის ადამიანისგან დამოუკიდებლად ოპერირებს, რადგან იგი ყოველ ოპერაციას და ყოველ ინფრომაციას ინახავს საკუთარ მონაცემთა ბაზაში და აგროვებს ძალიან დიდ ინფორმაციულ საცავს, რომელსაც შემდგომ თავადვე იყენებს კონკრეტული დავალეებებისა და ამოცანების შესასრულებლად, ხოლო ყოველი ახლად განხორციელებული ოპერაციით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი რესურსი და შესაძლებლობები კიდევ უფრო იზრდება. სწორედ ამიტომ დღეის მდგომარეობით ნამდვილად რთულია ხელონური ინტელექტის შესაძლო განვითარების დიაპაზონისა და ლიმიტაციის განსაზღვრა, რადგან რაც 2 წლის წინ წარმოუდგენელი ჩანდა, დღეს უკვე ჩვეულებრივი საკითხია, რასაც 3 წლის წინ ადამიანები საკუთარი ხელებით აკეთებდნენ დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტი აკეთებს და 5 წლის წინ თუკი რომელიმე ტექნოლოგია ადამიანების გონების მეშვეობით იქმნებოდა და იმართებოდა, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ნებისმიერ ახალ ტექნოლოგიაში, რომელიც ფუნქციონირებს კომპიუტერული კოდების მეშვეობით, აქვს ხელოვნური ინტელექტი და სწორედ მისი მეშვეობით ფუნქციონირებს.

თქვენი აზრით, როგორ ახერხებს თქვენი Youtube ან Facebook აპლიკაცია, რომ ყოველთვის შემოგთავაზოთ თქვენთვის საინტერესო და თქვენზე მორგებული თემატიკისა და შინაარსის მქონე ვიდეოები? რატომ ხდება ყოველთვის ისე, რომ რაც დღეს Google-ის საძიებო ველში მოძებნეთ, მეორე დღეს ის სოციალურ ქსელებში გხვდებათ? როგორ ახერხებენ თანამედროვე ავტომობილების მწარმოებლები, რომ შექმნან ავტოპილოტი, რომელიც მძღოლის გარეშე გადაადგილდება გზაზე? დიახ, ეს ყოვლივე კომპიუტერული ალგორითმის დამსახურებაა, რომელსაც ერთდროულად შეუძლია განსხვავებული მოდალობის ინფორმაციის დამუშავება და გადაწყვეტილების მიღება.

არსებობს ერთი ასეთი უძველესი ჩინური თამაში GO- რომელიც წააგავს ჭადრაკს, თუმცა ჭადრაკთან შედარებით, სათამაშო დაფა 19×19 კუბისგან შედგება და აქ მოთამაშეს კონკრეტული კომბინაციის განსახორციელებლად მილიონზე მეტი შესაძლო ვარიანტი აქვს. 2015 წელს Google – მა შექმნა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი – Alpha Go, რომელსაც თავდაპირველად საკუთარ მონაცემთა ბაზაში ჩატვირთული ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ თამაშის წესები. ამის შემდგომ გუგლის ხელოვნური ინტელექტი  დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, შეუჩერებლად ეთამაშებოდა საკუთარ თავს და თითოეულ სვლას და განხორციელებული სვლის შემდგომ მიღებულ შედეგს იმახსოვრებდა საკუთარ მონაცემთა ბაზაში.

 2016 წლის 15 მარტს Alpha Go-ს ალგორითმი ეთამაშება 18 გზის მსოფლიო ჩემპიონს Lee Sedol-ს და ამარცხებს მას ანგარიშით 4-1. 2017 წელს Google-ი ქმნის ახალ და გაუმჯობესებულ ალგორითმს, სახელად AlphaGo Zero, რომელიც ეთამაშება ალგორითმის ძველ ვერსიას, Alpha Go-ს და ამარცებს ანგარიშით 100-0.  შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპიუტერულმა ალგორითმმა 6 თვეში სრულად დაამხო ადამიანების 2 500 წლიანი ევოლუციის შედეგი.

 

  • დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტს შეუძლია, რომ მხოლოდ და მხოლოდ თვალის ბადურაზე გადაღებული ფოტოს მეშვეობით, 90%-იანი სიზუსტით ივარაუდოს ადამიანის სქესი, ასაკი და გულსისხლძარღვთა დაავადებები.
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია თავის ტვინის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის მიხედვით წინასწარი პროგნოზი გააკეთოს ინსულტის შესაძლო რისკების შესახებ.
  • ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი იძლევა საშუალებას, რომ დნმ-ზე დეტალური დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად ვივარაუდოთ შესაძლო გენური მუტაციები და პათოლოგიები.

ამ მიღწევათა ჩამონათვალი უკვე ძალიან გრძელია და წლიდან წლამდე კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ მაინც, როგორ ახერხებს იგი ამ ყველაფერს?

საილუსტრაციოდ რომ წარმოვიდგინოთ, ალბათ ყველას გვაქვს ნანახი და ერთხელ მაინც გვიცდია „Puzzle” – ფაზლის აწყობა, რომელიც ძალიან ბევრი ერთმანეთის მსგავსი ნაწილაკებისაგან შედგება, რომელთა აწყობაც საბოლოო შედეგებს, კონკრეტულ გამოსახულებას იძლევა. დაახლოებით მსგავსი პრინციპით ფუნქციონირებს ხელოვნური ინტელექტიც, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ იგი აწყობის ნაცვლად, პირიქით, შლის გამოსახულებას. მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ავაწყვეთ ფაზლი, რომელზეც გამოსახული იყო სპილო და გადავუღეთ ფოტო, როდესაც ჩვენ მივაწოდებთ სპილოს ფოტოს ხელოვნურ ინტელექტს, იგი წამებში იწყებს გამოსახულების ძალიან პატარ პატარა ნაწილაკებად დაშლას, რომლებსაც Pixels – პიქსელები ეწოდება, როგორც კი იგი დაშლის გამოსახულებას, ჩათვალეთ, რომ მან ეს გამოსახულება სამუდამოდ დაიმახსოვრა და ის თოთოეული პიქსელი, ანუ ნაწილაკი სამუდამოდ მის „მეხსიერებაში“, ანუ მონაცემთა ბაზაში შეინახება. საკმარისია კიდევ რამოდენიმე სპილოს განსხვავებული ფოტო მივაწოდოთ მას, იგი უკვე ისწავლის, თუ როგორ გამოიყურება და როგორი პიქსელებისგან შედგება სპილო და რაც უფრო მეტ ფოტოს მივაწოდებთ მას, მით უფრო მეტი სიზუსტით განასხვავებს იგი სპილოს რომელიმე სხვა ცხოვრელისგან.

სწორედ ასეთი პრინციპით ახერხებს ხელოვნური ინტელექტი მაგალითად სქესის, ასაკის და შესაძლო დაავადებების პროგნოზირებას, რადგან ადამიანის თვალის ბადურაზე არსებული ძალიან მცირე ზომის სისხლძარღვები განსხვავდება სქესის, ასაკის და გულსისძარღვთა დაავადებების შემთხვევაში. ისინი ძალიან დიდ ინფორმაციას შეიცავენ, თუმცა ადამიანის შეუიარაღებელი თვალისათვის ძალიან რთულია მისგან სასურველი ინფორმაციის მიღება, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია კონკრეტული პიქსელების მსგავსი სიზუსტით შედარება.

მაგრამ თუკი ხელოვნურ ინტელექტს მივაწოდებთ საკმარისი რაოდენობის ფოტოებს, სადაც ქალის თვალის ბადურაა გამოსახული, იგი ისწავლის როგორ გამოიყურება ქალის თვალის გუგაზე არსებული სისხლძარღვები და შეძლებს განასხვავოს ქალი და მამაკაცი მხოლოდ მასზე დაკვირვების საფუძველზე, თუკი ხელოვნურ ინტელექტს მივაწვდით დიდი რაოდენობით ფოტოებს კონკრეტული ასაკების მიხედვით, იგი ისწავლის, თუ როგორ განსხვავდება სისხლძარღვები ასაკის მიხედვით და თუ ხელოვნურ ინტელექტს ვაჩვენებთ როგორ გამოიყურება კარდიოლოგიური დაავადების მქონე პაციენტის თვალის ბადურა, იგი შეძლებს, რომ განასხვავოს იგი ჯანმრთელი პაციენტისაგან და ასევე შეძლებს, რომ გააკეთოს პროგნოზი შესაძლო რისკების შესახებ.

მიუხედავად უკვე არსებული მიღწევებისა და შედეგებისა, მეტად სავარაუდოა, რომ ეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების მხოლოდ დასაწყისია და მას შესაძლებლობების ბევრად უფრო დიდი დიაპაზონი გააჩნია, შესაბამისად აქ მთავარი სწორედ ის არის, თუ ჩვენ როგორ გამოვიყენებთ მას და საერთოდ რამდენად შეძლებს ადამიანი შეინარჩუნოს ის უპირატესობები, რომლებიც კომპიუტერთან შედარებით გააჩნია…

სტატიის ავტორი – ლაშა ჩანთაძე.