როგორ გვესმის ალტრუიზმი?

ალტრუიზმი ეს არის უანგარო სურვილი დაეხმარო სხვას შენი მონდომებით და არა იმიტომ, რომ ამის ვალდებულებას გრძნობ ერთგულების ან თუნდაც რელიგიური მიზეზების გამო. ალტრუიზმი ხშირად ეშლებათ პროსოციალურ ქცევაში – ის მოიცავს უკლებლივ ყველა ტიპის დახმარებას, მოტივისდა მიუხედავად, სადაც ადამიანებს აქვთ მოლოდინი, რომ დახმარებით ისინიც მიიღებენ ჯილდოს. ყველა ალტრუისტული ქცევა პროსოციალურია, თუმცა ყველა პროსოციალური ქცევა არ ითვლება ალტრუისტულად. ალტრუიზმი ყველასთვის ინდივიდუალური გაგებისაა – ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა ალტრუისტული ქცევებით, დაწყებული უცნობისთვის კარების გაღებით, დამთავრებული გაჭირვებული ადამიანისთვის დახმარების გაწევით. რა თქმა უნდა, სიუჟეტები ხშირად მეტად ფოკუსირებულია დიდ შემთხვევებზე,  როგორებიც არიან თუნდაც სისხლის დონორები, რომლებიც უსასყიდლოდ, რეგულარულად გასცემენ გარკვეულ მომსახურებას. აღსანიშნავია, რომ მათი სურვილი, დაეხმარონ სხვებს შესაძლოა განპირობებული იყოს პოზიტიური მოდელით – ოჯახის წევრის მაგალითით.

თუ ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც თავისი ალტრუისტული ქცევით ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალა. მაგალითად, ტობ იორდი – მან გამოთვალა, რომ იმ ფულით, რომელსაც თავისი აკადემიური საქმიანობის მანძილზე გამოიმუშავებდა, შეეძლო განვითარებად ქვეყნებში 80 000-მდე ადამიანი უსინათლობისგან განეკურნა. ამიტომ მან შექმნა ორგანიზაცია სახელად „რისი გაცემაც შეგვიძლია“ (Giving What We Can) სადაც გააერთიანა ხალხი, ვისაც თავისი შემოსავლის გაზიარება ენდომებოდათ. ამით ისინი გლობალურ სიღარიბესთან ბრძოლას წამოიწყებდნენ. (Ord, 2013) ვთვლი, რომ ტობის ამ საქციელმა ბევრ ადამიანს უბიძგა სიკეთისკენ. ის ბევრისთვის გახდა შთაგონების წყარო, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქალაქეებს დაანახა უცნობების მდგომარეობის გათვალისწინების საჭიროება და ჩემთვის სწორედ ამიტომ ითვლება ალტრუიზმის ნათელ მაგალითად.

ასევე, ბილ და მილინდა გეითსებს აქვთ დაარსებული ფონდი, რომლის მთავარი სლოგანია „ყველა სიცოცხლეს თანაბარი ღირებულება აქვს“ (All Lives Have Equal Value). სწორედ ამ რაციონალური გაგების გამო, ეს წყვილი ისტორიაში ყველაზე ეფექტურ ალტრუისტებად ითვლებიან. ერთ-ერთი მონაცემის მიხედვით, გეითსების ამ ფონდმა 5.8 მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა და ბევრად მეტი ადამიანი იხსნა მძიმე ავადმყოფობისგან. (McCoy, 2009) ტობ იორდის მსგავსად, მათაც ფართო მოსახლეობა მოიცვეს თავისი წამოწყებით და ამით ყველასთვის მარტივი გახადეს სხვების დახმარება. ჩემთვის ისინი ალტრუისტები სწორედ საფირმო სლოგანის გამო არიან.

ამ და სხვა ისტორიების მოსმენის შემდეგ საინტერესო ხდება, რით შეიძლება ავხსნათ თუ რატომ გვიჩნდება თითოეულ ჩვენგანს ადამიანების დახმარების სურვილი. ფსიქოლოგებმა შემოგვთავაზეს სხვადასხვა თეორიები ამის გასაგებად:

  • ევოლუცია – ადამიანები იბადებიან სხვების დახმარების ბუნებრივი მიდრეკილებით. ალტრუიზმზე შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს გენეტიკამ. ადამიანები ოჯახის წევრს უფრო დაეხმარებიან, ვიდრე უცნობს – ამას მონათესავე შერჩევა ეწოდება. პროსოციალურ ქცევებს, როგორიცაა თანამშრომლობა და თანაგრძნობა, ასევე შეიძლება ჰქონდეს გენეტიკური საფუძველი.
  • გარემო – სოციალიზაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ალტრუისტულ ქმედებაზე. სწორედ ამიტომ, ამ ქმედებების მოდელირება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გზა ბავშვებში პროსოციალური ქმედებების გასაზრდელად.
  • სოციალური ნორმები – საზოგადოების წესებმა, მოლოდინებმა და ნორმებმა ასევე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადამიანის ალტრუისტულ ქცევაზე. ურთიერთპატივისცემის ნორმა, მაგალითად, არის სოციალური მოლოდინი, რომლის დროსაც ვგრძნობთ გარკვეულ ზეწოლას სხვების დასახმარებლად.
  • დასწავლა – ხაზი ესმევა დახმარების დასწავლის მნიშვნელობას, ანუ ჩვენ ვსწავლობთ დახმარებასთან დაკავშირებულ სოციალურ ნორმებს და ამით გამოვიმუშავებთ კიდეც მას.

ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ალტრუისტული მიდრეკილებები უფრო ბუნებრივად და მძაფრად ჰქონდეს. თუ ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ შთაგონება ადამიანებში, რომლებიც აქტიურად აუმჯობესებენ ინდივიდების ცხოვრებას, განვივითარებთ ემპათიას, დავაკვირდებით და შევისწავლით სხვების მდგომარეობას გაუმჯობესების მიზნით – ვიტყვით, რომ ალტრუისტულ ქცევას ვივითარებთ. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალტრუიზმს შეიძლება ახასიათებდეს ემოციური გადატვირთვა. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც თავისუფალ დროს მოხალისეები არიან მოხუცთა თავშესაფარში, უფროსი მეგობრის გარდაცვალებით დიდ ტკივილს განიცდიან.

და მაინც, როგორ გვესმის ალტრუიზმი? ზოგისთვის ეს სხვების დასახმარებლად ფართომასშტაბიანი ორგანიზაციის ჩამოყალიბება შეიძლება იყოს, ზოგისთვის კი ქუჩის კუთხეში მჯდარი გამყიდველი ბებოსგან რამდენიმე კონა იების ყიდვა. ალტრუიზმი უპირატესად პოზიტიური ძალაა, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში ეხმარება ადამიანებს. სწორედ ამაზე დაყრდნობით, თავისუფლად ვიტყვი, რომ ეს ის უნარია, რომელიც განვითარებად ღირს.

გამოყენებული ლიტერატურა:

McCoy, D. K. (2009). The Bill & Melinda Gates Foundation’s grant-making programme for global health. The Lancet, 1645-1653.

Ord, T. (2013). The moral imperative toward cost-effectiveness in global health. In Effective Altruism. Oxcford University Press, 29-36.

https://www.ted.com/talks/peter_singer_the_why_and_how_of_effective_altruism/transcript#t-305040

 

 

სტატიის ავტორი – ნატალი მაღრაძე.